“ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ხნის ტანჯული საქმის შესახებ, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში წარმოებს, საზოგადოებას განუცხადა. ამას ოდნავ ირონიით იმიტომ ვამბობ, რომ სხვა არაფერი ჰქვია საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” თითქმის ყველა წევრის დაკითხვას, უფრო მეტიც, ჯერ დაკითხულია 300 თუ 400 თანამშრომელი “თბილსერვისის” და როგორც გამოძიებიდან გავიგეთ, 750-მდე ადამიანი უნდა იყოს კიდევ დაკითხული,” – განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის მერი მადლობას უხდის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რადგან, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ამხილა:
“მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რადგან გაირკვა, თუ რა არის ის ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ასეთი რუდუნებით ჩვენი ფინანსური პოლიცია იძიებდა. გავიგეთ ასევე ისიც, რომ თუ აქამდე ფულის მოტაცებას გვედავებოდნენ, ამ გამოძიებით ფულის დარიგებას გვედავებიან. კერძოდ, იმას, რომ დაგვისაქმებია 700 ადამიანი და გადაგვიხდია მათთვის ხელფასი. რომ მათი ერთადერთი დანაშაული, თურმე არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრობა თუ აქტივისტობა. წუხილს გამოვთქვამ, რომ მხოლოდ 700-ის დასაქმება შევძელი და ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო მეტის დასაქმებას შევძლებ”.
გიგი უგულავა აცხადება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქმედება აღვირახსნილი პოლიტიკური დევნის კლასიკური შემთხვევაა.
“მინდა, მივმართო გამოძიებას, დაინტერესდეს, რა ნიშნითაა დანიშნული რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წვერად კოკა გუნცაძე და ასევე, ელდარ კურტანიძე – პოლიციის აკადემიის რექტორად. ამ ლოგიკით მათაც ანალოგიური ბრალდება უნდა წაუყენონ, ვინაიდან მათ ხელფასი ამ ადამიანების ხელფასებს აღემატება. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ჩქარობდა გამოძიება, თუ დასრულებული არ არის, რატომ ჩაატარეს ბრიფინგი?! დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოზე, სადაც 700 ადამიანი უნდა დაიკითხოს, მტყუანი და მართალი გამოჩნდება”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალეულთა პასუხისგებაში მიცემა უახლოეს დღეებში გადაწყდება. ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეციალურ განცხადება გაავრცელა:
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს “თბილსერვის ჯგუფის” საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა. გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს “თბილსერვის ჯგუფის” იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა “საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება”, სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი – ე.წ. პარტიული კოორდინატორი,” – ნათქვამია ფინანასთა სამინისტროს საგამოიებო სამსახურის გაცხადებაში.
უწყების ცნობით, დასაქმებულების უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად, პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.





