ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: პარლამენტმა უნდა დაიკავოს პრინციპული პოზიცია

31 იანვარი, 2013 •
მიხეილ სააკაშვილი: პარლამენტმა უნდა დაიკავოს პრინციპული პოზიცია

“ეს ის ცვლილებებია, რომელშიც უმრავლესობას ჰყოფნის ხმები, რათა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველო არ შევა არც ერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში,” – ეს კომენტარი პრეზიდენტმა საწარმო “დელტაში” სტუმრობის შემდეგ გააკეთა.  

მიხეილ სააკაშვილი/ფოტო: მანანა ქველიაშვილი
მიხეილ სააკაშვილი/ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

“რამდენიმე განცხადება გაკეთდა, კერძოდ, სომხეთში, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის არმენიზაცია. კერძოდ, თანაბარი დისტანცია დავიკავოთ დასავლეთისაგან და რუსეთისაგან. რაც ადრე არ იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება. დღეს ერევანში უკვე გაკეთდა განცხადება, რომ გადიან ტექნიკურ დეტალებს აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით. რკინიგზა არის არა მხოლოდ ლეგალიზაცია რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციისა, პირდაპირ პლაცდარმს ვაძლევთ რუსეთს კავკასიის დაპყრობის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იმ სიტუაციაში, როცა რუსეთს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ 2015 წელს ევრაზიის კავშირის სახით გარკვეულწილად აღადგინოს საბჭოთა კავშირი, საბჭოთა იმპერია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე,”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

მისი თქით, რუსეთს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ ამ გაერთიანებაში შეიყვანოს მოლდოვა, უკრაინა და საქართველო:

 

“პარლამენტმა დეკლარაცია კი არ უნდა მიიღოს, არამედ უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, პარლამენტი უნდა იყოს პრინციპული, თუ ჩვენ არ გვინდა ვითამაშოთ პუტინისტური, იმპერიული თამაში, ჩვენი საბჭოთა იმპერიაში დაბრუნების, საქართველოს მომავლის განვითარების შანსის მოსპობის.”

 

პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებები ყველა ამ საკითხს სერიოზულად მოხსნიდა და საქართველო გააგრძელებდა განვითარებას საზოგადოების და პარტნიორების თვალში:

 

“ამიტომ მე მხარს ვუჭერ და იმედია, საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს და არ ჩათვლის რაღაც მორიგ პროპაგანდისტულ ფანდად. პიარზე არ დგას საკითხი, აქ დგას საკითხი საქართველოს მომავლისა”.  

მასალების გადაბეჭდვის წესი