“სამინისტრო არ აპირებს მხარეებთან შეხვედრისა და კონსულტაციის გარეშე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, გვერდზე გადადონ პირადი ინტერესები და ამბიციები და მთელი ძალისხმევა ქართული ჭიდაობის განვითარებას მოახმარონ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ “სამინისტრო შეასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობას და კვლავაც იკისრებს მედიატორის ფუნქციას ფედერაციებში არსებულ დაპირისპირებულ მხარეებს შორის.”
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს იმის გასარკვევად, არის თუ არა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული. “ნეტგაზეთთან” საუბარში ნინო გიორგობიანმა განმარტა, რომ დაიწყება თუ არა ამ ინციდენტის გამოძიება, ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში ექნება:
“ეს საკითხი დღის მეორე ნახევარში გაირკვევა, მანამდე კი ლუკა კურტანიძე პრესკონფერენციას “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში გამართავს.”
ლუკა კურტანიძე, გარდა იმისა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია, ასევე არის პოლიციის აკადემიის პრორექტორი.
ლუკა კურტანიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაგოდეხში.
არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ დღეს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარის #8 საარჩევნო უბანში ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემა გიორგი მუმლაძე და გიორგი ლომიძე.
“ელდარ კურტანიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად რამდენჯერმე იყო შემჩნეული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. რის შემდეგაც გამოძახებული იქნა პოლიცია. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით”, – აღნიშნული იყო პოლიციის მიერ გასული წლის 1 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა ამ ფაქტის გამო კურტანიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.








