ახალი ამბები

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ინიციატორი 108 დეპუტატია

2 მაისი, 2017 • 2306
კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ინიციატორი 108 დეპუტატია

პარლამენტში კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს კანონპროექტი და განმარტებითი ბარათები უკვე შევიდა. კონსტიტუციური კანონის პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს დღეს, 2 მაისს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

კომიტეტში განხილვის შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნება. ამჟამად კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ვებ-გვერდზე არის გამოქვეყნებული.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კონსტიტუციური კანონის ინიციატორი პარლამენტის 108 წევრია. “ქართულ ოცნებას” პარლამენტში 115 დეპუტატის ჰყავს, რაც აღემატება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვსი საჭირო დეპუტატების რაოდენობას (113 პარლამენტარის ხმა).

დღეს მოქმედი კონსტიტუცია 109 მუხლისგან შედგება, ხოლო ინიცირებულ პროექტში, რომელიც პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა – 78 მუხლია. კონსტიტუციის პროექტში მუხლები გადაადგილებული და დაჯგუფებულია, ზოგ შემთხვევაში კი- გაერთიანებული.

კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი 2 000-ზე მეტი სიტყვით აღემატება დღეს მოქმედ კონსტიტუციას.

კონსტიტუციის გადასიჯვის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებს, სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ ცვლილებებს, ცვლილებებს ადამიანის უფლებების ნაწილში და ასე შემდეგ. კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ძირითადი ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი