ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს:
“თბილისის მერიამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა აღნიშნულმა უწყებამ გაატაროს მასზე კანონოთ დაკისრებული მოვალეობა და განახორციელოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელ გზაზე მოძრაობის აღდგენა.
როგორც ცნობილია, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელი გზა უკვე სამი დღეა გადაკეტილია. აღნიშნული პოლიგონი ერთადერთია ქალაქში, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხდება ნარჩენების განთავსება. გზის გადაკეტვით, სპეციალური ტექნიკის პოლიგონის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა შეუძლებელს ხდის ქალაქის დასუფთავებასა და სხვადასხვა უბნებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას. ყოველივე ეს აზარალებს თბილისის მოსახლეობას და ქალაქში სანიტარულ მდგომარეობას ამძიმებს”–ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
