ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯან ბუკიკიომ, რომელიც ასევე იმყოფება თბილისში, ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია “მაესტროს”

ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს. ინტერვიუ საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე სტრასბურგშია ჩაწერილი.
ბუკიკიოს თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანია იმის გაგება, შეძლებს თუ არა ვენეციის კომისია ისევე წარმატებით იმუშაოს ახალ ხელისუფლებასთან, როგორც ეს აქამდე, წლების განმავლობაში ხდებოდა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა კოაბიტაცის პირობებში, პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, შეძლონ თანამშრომლობა.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის თქმით, კომისიის დასკვნა ორ კანონპროექტზე – ამნისტიის შესახებ და საერთო სასამართლოების შესახებ – 9 მარტისთვის იქნება მზად. აქვე ჯანი ბუკიკიო აღნიშნავს, რომ მას ესმის, თუ რატომ იჩქარა პარლამენტმა და მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს პარლამენტი დაელოდება კომისიის რეკომენდაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებებს სასამართლოებთან დაკავშირებით. ჯანი ბუკიკიოს თქმით, ვენეციის კომისიას ამ ეტაპზე სასამართლოებთან დაკავშირებით ორი ძირითადი რამ აწუხებს, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი და მისი წევრების მანდატის ამოწურვის საკითხი.
ჯანი ბუკიკიომ ნინო ჟიჟილაშვილთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის უნდა იყვნენ მოქმედი მოსამართლეები, თუმცა, არა დიდი რაოდენობით. ის ასევე დაკომპლექტებული უნდა იყოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოცდილი იურისტებით. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი კანონის მიღებისთანავე უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეთ საბჭოს ახლანდელ წევრებს, რადგან ეს ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს, ხოლო ახალი წესით იუსტიციის საბჭო მხოლოდ მათი მანდატის ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაკომპლექტდეს.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალის კონსენსუსის შედეგად და მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას შორის მიღწეულ შეთანხმებას არ უნდა ეფუძნებოდეს.




