არსებული რედაქციით ახალი კომისიის შემადგენლობაში შედიან: ელენე თევდორაძე, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, ნინო კალანდაძე და მუბარის კარაევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი გიორგი გოდაბრელიძე, ფილოლოგი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ კიკნაძე, “24 საათის” მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ანჯაფარიძე და მიტროპოლიტი თეოდორე.
პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებით, ცვლილება შევიდა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის ბრძანებულებაში, რომლის მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები. ახალი რედაქციით აღნიშნული პუნქტი ამოღებულია.
შეწყალების კომისიის წევრად რჩება საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც კომისიის მუდმივი წევრია.
შეწყალების საკითხთა კომისია იქმნება შეწყალების შესახებ შუამდგომლობათა (თხოვნათა) წინასწარი განხილვისა და მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა წარდგენის მიზნით.