ახალი ამბები

სახალხო დამცველი ციხეებში ფარული მოსმენებსა და ჩანაწერების შესახებ

29 იანვარი, 2013 •
სახალხო დამცველი ციხეებში ფარული მოსმენებსა და ჩანაწერების შესახებ

“თუ უკანონო იყო ეს მოსმენა, უნდა დაიწყოს ამაზე გამოძიება. საზოგადოებისთვის ახალი არაფერია იმაში, რომ ასეთი მოსმენები ხდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, პატიმრების მხრიდანაც არაერთი განცხადება იყო გაკეთებული, თუმცა მტკიცებულებები იყო საჭირო. აღნიშნული შემთხვევით სახალხო დამცველის ოფისიც დაინტერესება,”- განაცხადა ნანუაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა აღმოაჩინეს.


როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების  დაწესებულებებში (მათ შორის, თბილისის №8 და №9 , ბათუმის №3,  ქუთაისის №2,  გეგუთის №14  და ზუგდიდის №4 დაწესებულებაში) 2006-2010 წლების პერიოდში, შენობების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს,  უკანონოდ დამონტაჟდა ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა, შესაბამისად, დანაშაული სისტემურად ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა.

 

“დაწესებულებებში ჩატარებული ჩხრეკისა და დათვალიერებების პროცესში, უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურის გარდა, გამომძიებლებმა მიაკვლიეს სპეციალურ სათავსოს – ე.წ. “პულტების ოთახს”, რომელიც აღჭურვილი იყო მონაცემთა გაცვლისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით, რაც საშუალებას იძლეოდა ვიდეო და აუდიოკონტროლი დისტანციურად განხორციელებულიყო. სისხლის სამართლის საქმეს შსს ანტიკორუფციული საააგენტო იძიებს,”- აცხადებენ შსს-ში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი