სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორგანიზაცია “იდენტობას” და 17 მაისის მსვლელობის მონაწილეების: ლევან ასათიანის, ლევან ბერიანიძის, თინა ბილიხოძის, ბექა ბუჩაშვილის, გურამ დემეტრაშვილის, გვანცა ძერყორაშვილის, ელინა გლახაშვილის, ნათია გვინიაშვილის, მაგდა კალანდაძის, მიხეილ ხალიბეგაშვილის, თამთა მელაშვილის, ქეთევან ცაგარეიშვილის და მარიამ ცუცქირიძის სახელით არის შეიტანეს.
როგორც ოდენტობის განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია “იდენტობასა” და 17 მაისის მსვლელობის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული მათი უფლებები დაირღვა. კერძოდ, მოსარჩელეები საქართველოს სახელმწიფოს ადანაშაულებენ კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-10 (სიტყვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაში. ასევე, ორგანიზაცია “იდენტობა” და 17 მაისის მსვლელობის მონაწილეები სასამართლოსგან მოითხოვენ კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევის ცნობას მე-3, მე-5, მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით.
“2012 წლის 17 მაისს ექსტრემისტულმა რელიგიურმა ჯგუფებმა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღსანიშნავი მსვლელობა დაარბიეს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად საქართველოს ევალებოდა მსვლელობის შეუფერხებელი გაგრძელების უზრუნველყოფა, მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა და დამნაშავეების დასჯა, ქართული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები,”- აცხადებენ ორგანიზაციაში.
როგორც ირკვევა, მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში “იდენტობას” იურისტები წარმოადგენენ.
გარდა ამისა, სარჩელზე “იდენტობას” იურისტებთან ერთად ლონდონში არსებული ადამიანის უფლებათა სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო ცენტრი – INTERIGHTS მუშაობს.