აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილი საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის 100–მდე ადამიანთან ერთად დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს და დააკისრეს ჯარიმა 400 აზერბაიჯანული მანათის ოდენობით, რაც დაახლოებით 845 ლარია. ჟურნალისტი აღნიშნული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

 

ხადიჯა ისმაილმა დაკავებულთათვის დაკისრებული სასჯელების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. აღნიშნული ინფორმაციით, ცნობილ აქტივისტსა და ბლოგერს ემინ მილის მიესაჯა ყველაზე ხანგრძლივი – 15–დღიანი პატიმრობა, 13 დღემდე პატიმრობა კიდევ რამდენიმე ადამიანს მიესაჯა.

 

აქციაში მონაწილეობისთვის დაკავებულთათვის დაკისრებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 2 500 აზერბაიჯანული მანათია( 5 290 ლარი), მინიმალური კი – 400 აზერბაიჯანული მანათი.

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ნაწილმა და სამოქალაქო ატივისტებმა საერთაშორისო საზოგადოებისა და უფლებადამცველების

ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილი დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სკანდირებდა: თავისუფლება! ფოტო: რუსლან ასადის ტვიტერის ანგარიშიდან

სახელზე მოამზადეს პეტიცია. ისინი მოითხოვენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აზერბაიჯანის მთავრობას ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მოუწოდოს.

 

“აღიარეთ დემოკრატიის ნაკლებობა და ადმიანთა უფლებების სერიოზული უფლებების დარღვევა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ. ევროპის საბჭოს წევრობა ავალდებულებს აზერბაიჯანს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და დაიცვას თავისი მოქალაქეების თავისუფლება. მოითხოვეთ სიტუაციის დაუყოვნებლივი გაუმჯობესება ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში.  მოუწოდეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ და აღიარეთ, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ვერ მიუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს. მოუწოდეთ აზერბაიჯანის მთავრობას 2013 წლის ოქტომბერში თავისუფლაი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისკენ”, – წერია პეტიციაში, რომელზეც ხელმოწერა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

 

აზერბაიჯანში საპროტესტო ტალღა ქალაქ ისმაილიდან 23–24 იანვარს აგორდა. მოსახლეობა ჯერ სასტუმრო “Чыраг”–ის მენეჯერს, ემილ შახმარდანოვს დაუპირისპირდა, რომელიც ავტომობილით ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი უხეში შელაპარაკება მოუვიდა ადგილობრივებთან. სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, აქციის მონაწილეებმა დაარბიეს და გადაწვეს სასტუმრო, მათ ასევე მოითხოვეს ადგილობრივი მმართველების გადაყენება.  გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმმა აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა, რის შემდეგაც პროტესტის ტალღამ 26 იანვარს ბაქოში გადაინაცვლა. აღნიშნული აქცია სამართალდამცავების მიერ მასობრივი დაკავებებით დასრულდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *