ახალი ამბები

შსს პოლიციის მხრიდან პირის ცემის ფაქტს უარყოფს

27 იანვარი, 2013 •
შსს პოლიციის მხრიდან პირის ცემის ფაქტს უარყოფს

“27 იანვარს, საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ოპერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი-ბექა სულაბერიძე სასტიკად სცემეს, შემდეგ მანქანაში იძულებით ჩასვეს და დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ფაქტი არ დასტურდება, პოლიციას ამ გვარ-სახელით მოქალაქე არ დაუკავებია და მსგავსი შემთხვევის შესახებ, სამართალდამცველებისთვის არც ერთი დაზარალებულის ახლობელს არ მიუმართავს. შსს მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, იმ შემთხვევაში, თუკი ამ, ან მსგავსი ფაქტების შესახებ, რაიმე ინფორმაცია ექნებათ, მიმართონ გენერალურ ინსპექციას. მედია საშუალებებს კი სთხოვს, გაშუქებამდე მსგავსი შემთხვევები პრესსამსახურთან გადაამოწმონ”. –ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ნიუსპოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ 26 იანვარს, საღამოს, ოპერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა  ახალგაზრდა ბიჭი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. ნიუსპოსტის გავრცელებული ინფორმაციითვე, ბექა სულაბერიძის დედა და მეზობლები  ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ბექას უბნელ თანატოლებზე და მოზრდილებზე ინფორმაციის შეგროვება დაავალეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ახალგაზრდამ უარი განაცხადა, ამ ფორმით იძიეს შური.

მასალების გადაბეჭდვის წესი