“ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავადასტუროთ ჩვენი ვალდებულებები ადამიანის უფლბების მიმართ. ჩვენ ასევე უნდა გამოვიდეთ მოგონების ფარგლებიდან და დავრწმუნდეთ, რომ ახალმა თაობამ იცის ეს ისტორია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ადამიანის ის უფლებები, რომელზეც გაერო დგას, დაცული იქნას” –განაცხადა გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა ბან კი–მუნმა.
რეზოლუცია 2005 წლის პირველ ნოემბერს მიიღეს.
“ჰოლოკოსტი გადამწყვეტი მომენტი იყო ისტორიაში, რომელმაც ბიძგი მისცა მსოფლიოს ეთქვა, “არასოდეს, ისევ”. რეზოლუციის A/RES/60/7 მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ გვახსოვდეს წარსულის დანაშაულები და მომავალში იგი თავიდან ავიცილოთ”–ნათქვამია გაეროს ვებ გვერდზე.
დღევანდელ დღეს საქართველოც ეხმიანება. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების ინიციატივით, გაიმართება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებას დაესწრებიან: დიპლომატიური კორპუსის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები.