საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ”ქრონიკა პლუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმოს და ეს ხელისუფლებას დააბრალოს. შესაბამისად, არჩილ თალაკვაძე პროკურატურას მოუწოდებს, ელისო კილაძის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილოს.
“ბოლო თვეების განმავლობაში, მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება ძალოვან უწყებებზე, ცდილობენ ამ უწეყებების დისკრედიტაციას. მესმის ელისო კილაძის, როგორც დედის წუხილი, მაგრამ აშკარაა, რომ ის ცდილობს, შვილის საკითხი სუს-სს და იოსებ გოგაშვილს დაუკავშიროს,”-ამბობს არჩილ თალაკვაძე.
მისივე სიტყვებით, ამ ფონზე არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ “ან სხვა დესტრუქციულმა ძალამ” გარკვეული პროვოკაცია დაგეგმონ ელისო კილაძის წინააღმდეგ და შემდეგ ეს სუს-ის და იოსებ გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ:
“ამიტომ საჭიროა, პროკურატურამ განიხილოს ელისო კილაძის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის საკითხი.”
კითხვას, ფლობს თუ არა კონკრეტულ ინფორმაციას შესაძლო პროვოკაციის შესახებ, დეპუტატი პასუხობს:
“ეს ხელისგულზე დევს. ელისო კილაძე ინტენსიურად ცდილობს, ეს საკითხი იოსებ გოგაშვილს დაუკავშიროს.”
არჩილ თალაკვაძე ასევე ამბობს, რომ იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ სპეციალური კამპანია მიმდინარეობს, რომლის ნაწილი არის ცოლისდის სახელზე მიწების გაფორმების შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია:
“აბსოლუტურად გაყალბებულია რეალობა თუნდაც ამ ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან და იმის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა ძალოვანი უწყებების დისკრედიტაციისთვის,”- განაცხადა თალაკვაძემ.