დაკავებულთა შორისაა ცნობილი აზერბაიჯანელი ბლოგერი და აქტივისტი ემინ მილი, რომელიც ტვიტერის საშუალებით აშუქებს აქციას. დაპატიმრების შემდეგ მან სოციალურ ქსელში განათავსა შეტყობინება: “დაპატიმრებული ვარ: ვზივარ ავტობუსში შესანიშნავ ხალხთან ერთად”.
Arrested. In a bus with great people! #Azerbaijan #ProtestBaku
— Emin Milli (@eminmilli) January 26, 2013
ემინ მილმა დაკავებამდე ტვიტერით გაავრცელა შეტყობინება, რომ საპროტესტო აქცია “ფანტანების მოედანზე” ნახევარ საათში დაიწყებოდა, თუმცა მალევე დააკავეს”. სამართალდამცავებმა მოედანზე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს და მოქალაქეებს მიახლოების საშუალება არ მისცეს.
აქციას განახლებადი რეჟიმით აშუქებს რადიო “თავისუფლების” აზერბაიჯანის ბიურო. მედიასაშუალების ცნობით, დააკვებულია 30–ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის არიან: ჟურნალისტი შახველედ ჩობანოღლუ, ტელეწამყვანი ხადიჯა ისმაილი; მოძრაობა NIDA–ის წევრები- ტურგუტ გამბარი, ნადირ კიამალი, ასევე, ადვოკატი ინტიგამ ალიევი; აქტივისტები -ემინ მილი, ემილ ბაგიროვი და ატაბეი აგალარბეილი, უფლებადამცველი მალახატ ნასიბოვა.

ხადიჯა ისმაილის დაკავების ამსაცველი ვიდმასალა ერთ–ერთმა აქტივისტმა იუთუბზე ატვირთა.
აზერბაიჯანში საპროტესტო ტალღა ქალაქ ისმაილიდან 23–24 იანვარს აგორდა. მოსახლეობა ჯერ სასტუმრო “Чыраг”–ის მენეჯერს, ემილ შახმარდანოვს დაუპირისპირდა, რომელიც ავტომობილით ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი უხეში შელაპარაკება მოუვიდა ადგილობრივებთან. სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, აქციის მონაწილეებმა დაარბიეს და გადაწვეს სასტუმრო, მათ ასევე მოითხოვეს ადგილობრივი მმართველების გადაყენება. გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმმა აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა, რის შემდეგაც პროტესტის ტალღამ ბაქოში გადმოინაცვლა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ბაქო – მხარდაჭერა ისმაილს!” “ისმაილმა არ გაყიდა ღირსება!”. როგორც აქციის მონაწილეები ტვიტერზე წერენ, პოლიცია კარგადაა მომზადებული, ახალგაზრდებს კი ორგანიზება აკლიათ.
ერთ–ერთი აქტივისტი ტვიტერში წერს, რომ აქციამ ზღვისპირა ბულვარში გადაინაცვლა, პოლიცია კი მათ დაპატიმრებას კვლავ ცდილობს.
Protest`s continuing in seaside Boulevard. Civil Police trying to arrest people. #ProtestBaku
— Kamran Hesenli (@HesenliKamran) January 26, 2013
