ახალი ამბები

ეგვიპტეში ფეხბურთის 21 გულშემატკივარს სიკვდილით დასჯიან

26 იანვარი, 2013 •
ეგვიპტეში ფეხბურთის 21 გულშემატკივარს სიკვდილით დასჯიან

არეულობა სტადიონზე/ფოტო: The Telegraph
არეულობა სტადიონზე/ფოტო: The Telegraph

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, შარშან კარიოში, Port Said stadium–ზე ადგილობრივ კლუბებს შორის მიმდინარე თამაშისას წამოწყებულ არეულობას 74 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ პოლიციელებიც. მანამდე ეგვიპტის ისტორიას მსგავსი ტრაგედია საფეხბურთო სტადიონზე არ ახსოვდა. ძალადობამ სტადიონიდან კაიროს ქუჩებში გადაინაცვლა, რასაც 16 ადამიანი შეეწირა.

 

ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ სიკვდილმისჯილთა ახლობლებმა იმ ციხის შტურმით აღება სცადეს, სადაც ამჟამად დაპატიმრებულები იმყოფებიან. შეტაკებისას 1 ადამიანი დაიღუპა.

 

არეულობა სტადიონზე საფეხბურთო კლუბ al-Masry–ის ფანებმა დაიწყეს, ცეცხლი წაუკიდეს სკამებს, ისროდნენ ფოიერვერკებს. ადამიანთა ნაწილი, ვინც იმ დროს სტადიონზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ პოლიციიის რეაქცია არ იყო ადეკვატური და მყისიერი, რამაც გაზარდა არეულობის მასშტაბები. სხვები კი მიიჩნევენ, რომ სტადიონზე არეულობა ეგვიპტის ყოფილი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის მხარდამჭერთა ინსპირირებული იყო.

 

ეგვიპტის სასამართლო დანარჩენ 52 მსჯავრდებულს განაჩენს მიმდინარე წლის მარტში გამოუტანს. 2011 წლიდან დღემდე, ჰოსნი მუბრაქის ხელისუფლების რევოლუციით შეცვლის შემდეგ, ეგვიპტეში მასობრივ არეულობები გახშირდა. BBC-ის ინფორმაციით, პარასკევს რევოლუციის 2 წლისთავის აღსანიშნავი აქცია კვლავ არეულობაში გადაიზარდა, შედეგად კი 7 ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეებმა ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მორსი რევოლუციის ღალატში დაადანაშაულეს.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი