მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური, 2012 წელს ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივართა ჯგუფის გამგზავრებასა და დასწრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 656 540 ლარი გამოიყო.
2011 წელს ბათუმში, MTV GEORGIA LIVE-ის ერთი კონცერტისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 973 ათასი აშშ დოლარი და 200 ათასი ლარი, ხოლო საახალწლო ღონისძიებებისთვის ბათუმში – 2 496 330 აშშ დოლარი.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, ასევე, 2011 წელს თანხა – 130 ათასი ლარი მესტიაში ექსტრემალური კვირეულისა და ყინულის ფესტივალის ჩასატარებლად.
მესტიისა და ბათუმის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანების ორგანიზების მიზნით, 2011 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეკონომიკის სამინისტროს 740 ათასი ლარი გამოეყო “საქართველოს ეროპორტების გაერთიანების” კაპიტალის გასაზრდელად.
საქართველოს საზაფხულო კურორტების შესახებ კლიპების მსოფლიოს ტელეარხების ეთერში განთავსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს გამოეყო 1 188 930 აშშ დოლარი, 384 297 ევრო, 28 428 ლარი.
2010 წელს, ბათუმში სტივ უანდერის კონცერტისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონ 549 ათასი აშშ დოლარი გამოიყო.
მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, ნათქვამია, რომ საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით ქართულ-ლიტვური სერიალის მოსამზადებლად და მისი ლიტვისა და საქართველოს ტელეეთერში გაშვების ხარჯების დასაფინანსებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა 200 ათასი აშშ დოლარი.
2010 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 13 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის – “პირველი კავკასიურის” ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, ხოლო 2011 წელს – “ევროპის მაუწყებელთა კავშირის” წინაშე დავალიანებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოეყო – 350 ათასი ლარი.
“გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მიუხედავად მასშტაბური დაფინანსებისა საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხმა, 2012 წლის ოქტომბრის თვიდან მაუწყებლობა შეწყვიტა”, – აცხადებენ საიაში.
საიას ცნობით, =როგორც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2010-2012 წლებში გამოყოფილი თანხების შესწავლის შედეგად ხდება ცნობილი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2010-2012 წლებში, 3 მილიონი ლარით დაფინანსდა ააიპ – სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.
აღნიშნული ფონდი გამგეობაში შედიოდნენ, მაგალითად, ყოფილი და მოქმედი დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ჩიორა თაქთაქიშვილი, ყოფილი დეპუტატი ქდმ-დან – მაგდალინა ანიკაშვილი და სხვა პირები.
“საია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულირება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან (ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან) თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებულ რეგულაციებს არ ითვალისწინებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ფაქტობრივად, თანხების გამოყოფის თაობაზე სრულ თავისუფლებას ანიჭებს. თუმცა, სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობა არაერთ კითხვას ბადებს. აღნიშნული გარემოება კი კიდევ ერთხელ მიუთითებს არსებული საკანონმდებლო ნორმის ცვლილების აუცილებლობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს.