ახალი ამბები

რა საგანგაშო სიგნალებს ხედავს საქართველოდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

25 იანვარი, 2013 •
რა საგანგაშო სიგნალებს ხედავს საქართველოდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

რეზოლუციის მე-20 პუნქტში ასამბლეა წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ევროპის საბჭოს წევრ ზოგიერთ სახელმწიფოში მთავრობის ცვლილების შემდეგ შეცვალეს თავიანთ საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელი პირები, რათა ამ მაუწყებლების ორიენტაციაზე მოეხდინათ გავლენა.

 

“ამ კუთხით განსაკუთრებით საგანგაშო სიგნალია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა შეთავაზება,  გაერთიანებულიყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო მაუწყებელ “მე-9 არხთან”, რომელსაც ფლობს მისი ცოლი და ასევე, შეცვალოს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი”,-  ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

 

ამას გარდა, 21-ე პუნქტში ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მოულოდნელი ფინანსური შემოწმებების გამო, რაც მოჰყვა მთავრობის ოფიციალური პირების აგრესიულ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც კეთდებოდა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილბების პროექტის წარმოდგენის პარალელურად.

 

“ამ ნაბიჯებს წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები  საზოგადოებრივი მაუწყებლის “მე-9 არხთან” გაერთიანების შესახებ, რომელსაც ფლობს მისი მეუღლე, ასევე, სხვა კერძო ქართული მედიაკომპანიების მფლობელობის საკითხზე,” – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც 24 იანვარს მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

 

რეზოლუციის პროექტში, რომელიც ასევე გამოქვეყნებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე, საქართველოს შესახებ ცალკე პუნქტი არ არსებობდა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტში შესწორებები იოჰანსონის მხარდაჭერით მოხდა, რომელსაც აღნიშნული საქართველოს დელეგაციის ოპოზიციური პარტიის წევრებმა შეთავაზეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი