ახალი ამბები

ლადო პაპავა: ქვეყანაში არაპროგნოზირებადი სიტუაციაა

24 იანვარი, 2013 • • 1068
ლადო პაპავა: ქვეყანაში არაპროგნოზირებადი სიტუაციაა

“როცა 2012 წელს პარლამენტში მერაბიშვილის მთავრობისთვის უნდა გამოეცხადებინათ ნდობა, “ქრისტიან–დემოკრატებმა” წარმოადგინეს რამდენიმე კითხვა, რომელიც იყო დაფუძნებული სტატისტიკურ ინფომაციაზე, რომ ეკონომიკაში მდგომარეობა არასახარბიელოა. ამაზე მერაბიშვილმა გასცა ასეთი პასუხი: მე სტატისტიკა არ მაინტერესებს, მე თვითონ არ ვენდობიო” – განაცხადა ლადო პაპავამ. 

ლადო პაპავა
ლადო პაპავა

პაპავას შეფასებით, დღეს მერაბიშვილს ეს სტატისტიკა დასჭირდა: ” თანაც ის სტატისტიკა, რომელიც ჯერ ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის. დეკემბრის თვის მონაცემები ცნობილი არ არის. თუ დაფიქსირდა ეკონომიკური ვარდნა, არ უნდა გვეგონოს, რომ ყველაფერი კარგად იყო და ერთ თვეში დაინგრა ეკონომიკა. ეკონომიკას ახასიათებს ძლიერი ინერციულობა. დეკემბერში თუ არსებობს უკუსვლა, ეს არის გამოვლინება იმ ტენდენციების, რომელიც იყო ჩადებული ეკონომიკაში.”

 

პაპავამ განაცხადა, რომ 2003 წელს ეკონომიკური ზრდა იყო 11 პროცენტი, 2004 წელს კი – 5,5 პროცენტი: “ორჯერ ნაკლები ზრდის ტემპი დაფიქსირდა. მარტო ასეთი მაჩვენებლების ამოღება არაფერს არ გვეუბნება. საერთაშორისო სტანდარტია, ეკონომიკური ვარდნა უნდა ფიქსირდებოდეს, სულ ცოტა უწყვეტად ორი კვარტალი რომ ვთქვათ, რომ რეცესიას აქვს ადგილი. შემდეგ გადაიზრდება კრიზისში. ერთთვიან რყევაზე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.”

 

ლადო პაპავამ დღგ-ს მოცულობის შემცირების საკითხიც განიხილა: “კიდევ ერთი მომენტი, ის, რაც არის ნაჩვენები, რომ დამატებითი ღირებულების ბრუნვა მცირდება, ესეც ადვილი ახსნადია. იყვნენ წურბელა ფირმები კბილებით ჩარჭობილი ბიუჯეტზე. იღებდნენ სხვადასხვა დაფინანსებას. ეს დაფინანსებები შეწყდა. ბუნებრივია, ამ ფირმებს თავისი ბრუნვა შეუმცირდათ. მერაბიშვილის განცხადება პრაქტიკულად ეს არის დაცვა იმ ბიზნესინტერესების, რაც იყო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე”.

 

პაპავას განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, “ნაციონალური მოძრაობაა” დამნაშავე: “პირველ რიგში პოლიტიკურს ვგულისხმობ იმიტომ, რომ ამ დაძაბულობას ქმნის “ნაციონალური მოძრაობა” და მანამ, სანამ კონსტიტუციური ცვლილებები არ შევა ძალაში, ეს ბუნდოვანება შენარჩუნებული იქნება, ამ სიტუაციას ნაცმოძრაობა იყენებს კრიტიკისათვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი