ახალი ამბები

აქცია: სოლიდარობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს! [Video]

25 იანვარი, 2013 • 960
აქცია: სოლიდარობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს! [Video]

“მოიტანე, რასაც შეძლებ. ნუ იქნები გულგრილი!” – მიმართავენ ორგანიზატორები მოქალაქეებს.

 

სოციალურად დაუცველ ორმოცამდე ოჯახს ათონელის ქუჩაზე ყოფილი #68 სკოლის შენობა აქვს დაკავებული. როგორც სოციალურად დაუცველები განმარტავენ, მერიას მათთვის ბინები უნდა გადაეცა, თუმცა ასე არ მოხდა:

 

“24 ოქტომბერს დაგვირეკა მერიის წარმომადგენელმა და გვითხრა, რომ ყველა კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებდით და ბენეფიციარების ბინას მოგვცემდნენ. 100 ოჯახს დაგვირეკეს და  გვითხრეს, რომ 26 ოქტომბერს მამრიკიშვილთან მივსულიყავით. დავრჩით მოტყუებულები, გვითხრეს, რომ ბინები აღარ გვაქვსო. 78 ოჯახს მისცეს და 24 დავრჩით უსახლოდ,” – ამბობს ნინო მაისურაძე. 

მაისურაძის მტკიცებით, ამის შემდეგ მერიაში განუცხადეს, რომ მერიის ან ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შენობა ეპოვნათ და დაეკავებინათ.

 

შენობასთან მობილიზებულია პოლიცია. მაისურაძის თქმით, რამდენიმე მათგანი უკვე დაკითხეს:

 

“გვეკითხებიან, როგორ შემოიჭერით, რა ნიადაგზე, რის საფუძველზეო  და ჩვენც დაწვრილებით ვუყვებით, რა მოხდა. კარგად მომექცნენ, ზეწოლა არ ყოფილა”.

 

შენობაში არ არის ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. უფროსებთან ერთად, ადგილზე  მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებიან. მაყვალა ბაძაღუას თქმით, ისინი იძულებული იყვნენ შენობა დაეკავებინათ:

 

“აქ ისეთი დანგრეულია სახლი, რომ  არც გათბობაა, არც შუქი, არც საწოლები, არც არაფერი. აი, ისე ვართ შემოხიზნული ერთ ოთახში, სკამებზე აგერ, პატარა ბავშვებით. იძულებული რომ არ ვიყოთ, აქ შემოვა ვინმე?!”

 

24 იანვარს “ლაბორატორია 1918”-ის წევრები აღნიშნულ სკოლაში მივიდნენ და იქ მყოფ ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს. გიორგი გაბელიას თქმით, ეს აქცია სპონტანურია და მომდევნო დღეებში უფრო მასშტაბურ სახეს მისცემენ:

 

“ვთხოვთ მერიას, ამ ხალხთან ერთად, რომ დაკმაყოფილდეს ამ ხალხის მოთხოვნები. ეს ხალხი, სულ 40 ოჯახი, არის ახლა აქ, ამ 40 ოჯახიდან რამდნიმე წვრილშვილიანი ოჯახია და უკიდურეს სიდუხჭირეში დენი გაუთიშა მერიამ, არა აქვთ ელემენტარული გათბობა, საწოლები. დაკმაყოფილდეს ჯერ ეს ელემენტარული მოთხოვნები და მერე საცხოვრებელი ფართები.”

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდან თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებმა დევნილებმა და სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა ეტაპობრივად უფუნქციო შენობების დაკავება დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი