“დაიცავი საქართველოს” და “ამომრჩეველთა ლიგის” წევრი კახა მიქაია ზუგდიდში გამართულ აქციაზე გაკეთებულ განცხადებაში თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას ბიძინა ივანიშვილის ღალატში ადანაშაულებს.
“რომელი ხართ რიგში, ბიძინა ივანიშვილს მძიმედ ელაპარაკოთ, რომელი ხართ რიგში, უღალატოთ ბიძინა ივანიშვილს, კაცს, რომელმაც თქვენ ყველანი ჭაობიდან ამოგიყვანათ, კაცს, რომელმაც გადაარჩინა მთელი საქართველო. მიშასთან ხომ ხართ მსუბუქად? ეს არის ღალატი, როდესაც უჭირს სკამების გამო, დაუპირისპირდე კავს, რომელსაც მთელი ქვეყანა კატასტროფას გადაარჩინა,”- აცხადებს მიქაია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინ პრემიერთან საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხის შეახებ უხერხულ საუბარზე განცხადება გააკეთა.
“არ დაგიმალავთ, ჩვენს პარტიაში, “თავისუფალ დემოკრატებში” გვქონდა პოზიციების გაცვლა საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვაპირებთ თუ არა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი, რომელსაც კოალიციას შევთავაზებთ. არ დაგიმალავთ იმასაც, რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე საუბარი გვქონდა პრემიერ- მინისტრთან რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე. პრემიერ- მინისტრს გარკვეული შეშფოთება ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განხილვა ხდებოდა მასთან შეუთანხმებლად. მე მთლიანად ვეთანხმები მას, რომ ეს კანდიდატურა უნდა იყოს შეჯერებული კოალიციასთან, კოალიციის ლიდერთან. თავად მეც არ მესიამოვნა, რომ ასეთი უხერხული საუბარი შედგა,”- განაცხადა ალასანიამ.