ახალი ამბები

‘ზღაპრული გრინჩი რეალობად გვეწვია’ – ფოსტის გამოხმაურება დაკარგულ საახალწლო საჩუქრებზე

24 აპრილი, 2017 • 3291
‘ზღაპრული გრინჩი რეალობად გვეწვია’ – ფოსტის გამოხმაურება დაკარგულ საახალწლო საჩუქრებზე

“საქართველოს ფოსტა” აცხადებს, რომ საახალწლო კამპანიის, “საიდუმლო სანტას” მსვლელობის დროს საჩუქარი დაიკარგა, რის გამოც გამოძიება მიმდინარეობს.

კომპანიამ დღეს, 24 აპრილს, განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, დაფიქსირდა უსაიმოვნო შემთხვევა.

“საახალწლო კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირდა უსიამოვნო შემთხვევა – სამწუხაროდ, ზღაპრული „გრინჩი“ რეალობაში გვეწვია. დაიკარგა რამდენიმე გზავნილი და ვითარების გამოსავლენად საქმეში ჩაერთნენ სამართალდამცავები. ამის გამო, რამდენიმე შესაძლო დაზარალებულს უკავშირდებიან, რათა დადგინდეს დაკარგული გზავნილების შესახებ დეტალები. მადლიერი დაგრჩებით, თუ შეძლებთ, რომ ცოტაოდენი დრო დაუთმოთ სამართალდამცველებს, რითაც საქმის სწრაფად დასრულებაში დაეხმარებით”, – აცხადებს საქართველოს ფოსტა.

დღეს, 24 აპრილს ნინიკო რობაქიძემ, რომელიც “საიდუმლო სანტაში” იღებდა მონაწილეობას, სოციალურ ქსელ ფეისბუკზე დაწერა, რომ გამოკითხვაზეა დაბარებული აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

რობაქიძის თქმით, მას დაუკავშირდნენ იმასთან დაკავშირებით, მიიტანეს თუ არა ფოსტის თანამშრომლებმა ადრესატამდე მის მიერ გაგზავნილი საჩუქარი.

“საიდუმლო სანტა” საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის ერთობლივი საახალწლო პროექტი იყო, რომლის მონაწილეებს შეეძლოთ გაეგზავნათ საჩუქარი ისე, რომ არ სცოდნოდათ, კონკრეტულად ვის უგზავნიდნენ საჩუქარს, ასევე, თავადაც ღებულობდნენ საჩუქრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი