საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე და ევროპელ პოლიტიკოსებს მადლობა გადაუხადა 2008 წელს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებისთვის. რუსი დეპუტატის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ შეიყვანა მან საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ჩიხში, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პირველ რიგში, რუსებმა “სათვალე უნდა გაიკეთონ” და დაინახონ საქართველოს ნამდვილი, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული რუკა. სააკაშვილისვე განცხადებით, რუსეთმა უნდა დაივიწყოს იმპერიული, ტერიტორიული ამბიციები და “ნასუფრალის სანაცვლოდ” ზოგიერთი ქვეყნებისგან არ უნდა ცდილობდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებას.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სომხეთში ვიზიტისას გაკეთებული განცხადების გამო. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსთვის ვერ გამოდგება რუსეთთან და ნატოსთან ურთიერთობის მაგალითად. მისი თქმით, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის განცხადება აბსოლუტურად ცვლის ყველაფერს, რაზეც საქართველოს ხელისუფლება მუშაობდა ბოლო წლების მანძილზე. სააკავშილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის მთავრობასთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების სურვილზე, თუმცა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება.
“სამწუხაროდ, ბევრს მოეხსენება, რომ ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს არის პრობლემა ცნობიერებისა, რაც ხდება საქართველოში. ეს არის შერჩევითი დევნა, შერჩევითი სასამართლო განჩინებები, ადგილობრივი თვითმმართველობის შევიწროვება, ცალკეული კამპანიები, რათა ჩაახშონ გარკვეული პოლიტიკური წრეების საქმიანობა, ზეწოლა, შანტაჟი, სისხლის სამართლის საქმეები პარლამენტის დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღდმეგ. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება ხშირად ცდილობს ჩაახშოს ახალი ოპოზიციური ძალის პოლიტიკური საქმიანობა, ისინი ცდილობენ შეავიწროვონ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და დაიწყონ პროცესები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საწინააღმდეგოდ. ახალმა ხელისუფლებამ აიძულა მისი ხელმძღვანელი, გადამდგარიყო და გამოაცხადეს გეგმა, რომელიც მიმართულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეერწყას კერძო არხს. დააკავეს “რუსთავი 2”–ის ხელმძღვანელი და მას ემუქრება საკმაოდ ხანგრძლივი პატიმრობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მისი ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად “დიდი იმედგაცრუებისა”, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარება. სააკაშვილის განცხადებით, მისმა გუნდმა მოახერხა და ქვეყანაში აღმოფხვრა ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია.
საქართველოს პრეზიდნეტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თავის ახალგაზრდობაზე, როცა, მისვე თქმით, “პირველად ეზიარა დემოკრატიულ ღირებულებებს”.
“მე მახსოვს, როგორ ვანაწილებდი ჩემს დროს, უძილო ღამეებს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს ბიბლიოთეკაში, როდესაც ვსწავლობდი გამოცდებისათვის ადამიანის უფლებების ინსტიტუტში და დღეების განმავლობაში როგორ დავყვებოდი უკან მშვენიერ ჰოლანდიელ სტუდენტს, რომელიც მომავალში ჩემი მეუღლე გახდა და რომელიც ახლა აქ ესწრება ამ გამოსვლას. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო დრო იყო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სწორედ მისი თაობის ახალგაზრდა პოლიტიკოსები ჩაუდგნენ საქართველოში რევოლუციურ მოძრაობას, რომელმაც საქართველო ცვლილებების გზაზე დააყენა.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა და დისკუსია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 1 საათს გაგრძელდა.