ახალი ამბები

ჩალაგაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს მიიღებს

19 იანვარი, 2013 •
ჩალაგაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს მიიღებს

პროკურორი დავით სიმონია ჩალაგაშვილისთვის 10 ათას ლარს მოითხოვდა გირაოდ, თუმცა მოსამართლე თეიმურაზ დგვარელმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

დღესვე გადაწყდება, დარჩება თუ არა ჩალაგაშვილი სემეკის თავმჯდომარედ. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღებს.

 

ჩალაგაშვილი მის მიმართ საქმის აღძვრას პოლიტიკურ დევნად აფასებს და სემეკზე კონტროლის მცდელობაზე საუბრობს:

 

„პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, ეს არის სრული აბსურდის თეატრი, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა იმაზე, რომ მარეგულირებელი კომპანია გახლავთ ერთადერთი, რომელსაც საქართველოში არ ჰყავს მაკონტროლებელი, რომელზეც ვერ ახორციელებს ვერავინ კონტროლს და აი, ამ გზით ცდილობენ, ალბათ, მავანნი და მავანნი, რომ გარკვეული სახის კონტროლი განახორციელონ კომისიაზე. ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომელსაც აქვს პოლიტიკური დაკვეთა“.

 

ჩალაგაშვილის ადვოკატის თეიმურაზ მესხის თქმით, სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიება არ უნდა გამოეყენებინა:

 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცნობს თავს დამნაშავედ. არ არსებობს არანაირი სახის ფორმალური და პროცესუალური საფუძვლები, რომ აღმკვეთი ღონისძიება, ზოგადად, გამოყენებული ყოფილიყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ.“

საქმეში არსებობს ფარული ჩანაწერიც. როგორც სხდომაზე პროკურორმა სიმონიამ განაცხადა, არსებობს სასამართლო განჩინება ფარული მოსმენის განხორციელების შესახებ. მისივე თქმით, გამოძიება არა ჩალაგაშვილს, არამედ იმ პირს უსმენდა, ვისთანაც ზარი განხორციელდა.

 

დღეს სასამართლოში იმყოფებოდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია  თევდორაძე:

 

„ეს საქმეც არის იმ მთლიანი კამპანიის, რასაც ჰქვია პოლიტიკური რეპრესიები, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და ზოგადად წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ შემადგენელი ნაწილი. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ მართლაც კომედიური, ასე რომ ვთქვათ, კვანძის განხსნით განვითარდა სიუჟეტი. ეს აბსურდის თეატრი ხელისუფლებამ დადგა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შევიდეს ახლა პროკურატურა თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით და კიდევ ერთი რგოლი, სტრუქტურა თუ სამსახური ახალმა ხელისუფლებამ ჩაიგდოს ხელთ და მოახდინოს მისი უზურპაცია. რა თქმა უნდა, ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“.

 

სასამართლოში ასევე იმყოფებოდა იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე:

 

“ბრალდება არა მარტო აბსურდულია, არამედ სასაცილოა. პროცესს რაც შეეხება, ფაქტია ერთი რამე, რომ გრძელდება პოლიტიკური დევნა, რეპრესიები, თუ შეიძლება ასე ითქვას. უკვე აღარც კი ფიქრობენ იმაზე, თუ რა ბრალდება შეიძლება წაუყენონ, ოღონდ რამე ბრალდება იყოს, სულერთია მათთვის, მათი მოგონილი ბრალდებები. მთავარი შინაარსი, მე რამდენადაც ვფიქრობ, არის, რომ უფლებამოსილება იყოს შეჩერებული და მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის არის ამხელა სპექტაკლი დადგმული მათი მხრიდან .“

 

გურამ ჩალაგაშვილის წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 12 საათზეა ჩანიშნული.  

 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (სსკ 333-ე მუხლი) წაუყენეს ბრალი.

 

სამართალდამცავების ცნობით, 2013 წლის 12 იანვარს გურამ ჩალაგაშვილი იმყოფებოდა ქუთაისში, რესტორან “ამირანში”, რა დროსაც ის დაუკავშირდა “ენერგო პრო ჯორჯიას” ადგილობრივ ხელმძღვანელს და შუქის გამორთვა თხოვა.

 

ჩალაგაშვილის თქმით, არსებობდა მოსახლეობისთვის მოსალოდნელი საფრთხე, რომ მომხდარიყო მოკლე ჩართვა და ამის გამო დაუკავშირდა  “ენერგო პრო ჯორჯიას” ხელმძღვანელს და სთხოვა შუქის გათიშვა.

 

გამოძიების ცნობით, შუქი გაითიშა არა მხოლოდ რესტორანში, არამედ მიმდებარე საცხოვრებელ სახლებსა და სხვა ობიექტებში, რის გამოც შუქის მიწოდება შეუწყდა 200-მდე ოჯახს.

 

გამომძიებელ–დეტექტივის სერგო ადეიშვილის ცნობით, ჩალაგაშვილის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, საქმეში არსებობს ასევე სატელეფონო ჩანაწერი. ბრალის  დამტკიცების შემთხვევაში გურამ ჩალაგაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი