ახალი ამბები

ოქრუაშვილი: ჩემი რწმენით ქვეყანაში დროებით დიქტატურას ვამყარებდით

18 იანვარი, 2013 •
ოქრუაშვილი: ჩემი რწმენით ქვეყანაში დროებით დიქტატურას ვამყარებდით

“მე კარგად მახსოვს, დათო უსუფაშვილი შემხვდა პარლამენტის შენობაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიდიოდა და რას აკეთებთო, ასეთი საყვედური მითხრა, კონსტიტუციაში ამ ცვლილებებით ფაქტიურად ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი ნადგურდებაო. გულახდილად ვუთხარი, დათო, მე მგონია, დროებით ჩვენ ქვეყანაში დიქტატურას ვამყარებთ, ჩემი აზრით და ჩემი შინაგანი რწმენით დროებით- მეთქი. მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ეს დროებითი გაგრძელდა ცხრა წლის განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “მეცხრე არხზე” გადაცემა “ახალკაცის მატრიცაში” მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შეფასებისას.

 

ოქრუაშვილის განცხადებით, მოვლენების არასწორად განვითარება კონკურენციის არარსებობას და დაუსჯელობის სინდრომს მოჰყვა:

 

“ამ ხნის განმავლობაში თავბრუდამხვევმა წარმატებამ, თუნდაც ამას დავამატოთ აჭარის მოვლენები, პლუს გარკვეული სახის წინსვლები საერთაშორისო ურთიერთობებში, ამან დაგვარწმუნა საკუთარ უალტერნატივობაში. კონკურენტი ჩვენ ამ სფეროში და ამ მოედანზე აღარ გვყავდა. ვვარაუდობდით, რომ ეს ასე შეიძლება გაგრძელებულიყო, შეიძლება მუდმივად არა, მაგრამ ათწლეულები. ამან შექმნა ერთგვარი დაუსჯელობის სინდრომი. ამ დაუსჯელობის სინდრომს მოჰყვა ბევრი ისეთი რაღაც, რაც მერე საზოგადოებაში დიდი პროტესტის საფუძველი გახდა”, – განაცხადა ოქრუაშვილმა. მისი თქმით, თავდაპირველი ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამდა, ქვეყანაში წესრიგის დამყარებას ემსახურებოდა, თუმცა პროცესები მალე ზღვარს გასცდა:

 

“პირველადი ნაბიჯები იყო განპირობებული ქვეყანაში წესრიგის დამყარებით. მოდით გავიხსენოთ, ჩვენ რა საქართველო ჩავიბარეთ, სრულიად უწესრიგო, ჩაბნელებული, კორუფციის ჭაობში ჩაფლული, კრიმინალური სიტუაცია კატასტროფის ზღვარზე და ა.შ. მაგრამ პროცესები გასცდა ზღვარს, ზღვარს, რომელიც ჩემი გადასახედიდან იყო უკვე კატასტროფის მატარებელი”, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი