ახალი ამბები

სახალხო დამცველის ოფისის 20 წლის იუბილე და რეკომენდაცია მისი გაძლიერებისთვის

19 აპრილი, 2017 • 1798
სახალხო დამცველის ოფისის 20 წლის იუბილე და რეკომენდაცია მისი გაძლიერებისთვის

შესაფერისი შენობა სახალხო დამცველის ოფისისათვის – ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ გასცა.

საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველთა საბჭო, რომელიც 4 წელია ფუნქციონირებს და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადამიანები შედიან, სახალხო დამცველის ოფსისის 20 წლის იუბილეზე შეიკრიბნენ და რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი რამდენიმე დღეში სრულად გამოაქვეყნებს.

მრჩეველთა საბჭოს რამდენიმე წევრმა, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა, კონფერენციის “ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუციისა და გამოწვევების” დაწყებამდე, რომელშიც სხვა ქვეყნების სახალხო დამცველები და ადამიანის უფლებების დამცველები მონაწილეობდნენ.

მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ევა პასტრანამ, რომელიც ევროსაბჭოს საგანმანათლებლო “Help in the 28”-ის კოორდინატორია, განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში, სადაც საკონტიტუციო უმრავლესობას მმართველი პარტია ფლობს.

“საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ადამიანის უფლებათა დამცველი ძლიერი ინსტიტუტია, კარგად ორგანიზებული ჯგუფია პროფესიონალების. დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობა საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს”, – განაცხადა ევა პასტრანამ.

პასტრანამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი მუშაობს ეფექტურად, ამოწმებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, ციხეებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებს და ბავშვთა დაწესებულებებს, სწავლობს დისკრიმინაციას საქართველოში.

პასტრანამ ასევე ისაუბრა ომბუდსმენის ოფისის საგანმანათლებლო როლისა და ადამიანის უფლებათა აკადემიის მუშაობის მნიშვნელობის შესახებ.

“განათლება გვიცავს ადამიანის უფლებების დარღვევისგან, პრევენციას უწევს ძალაუფლების გადამეტებას,” – განაცხადა ევა პასტრანამ.

კონფერენცია "ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანიეროვნული ინსტიტუების ევოლუცია და გამოწვევები"

კონფერენცია “ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანიეროვნული ინსტიტუების ევოლუცია და გამოწვევები”

მაინა კიაიმ, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა შეკრებებისა და გაერთიანების უფლებების დარგში, რომელიც ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრია, განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ოფისზე გახშირებული თავდასხმები მიუთითებს მის დამოუკიდებლობაზე.

“მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, რომ გამეცნო და მემუშავა ადამიანის უფლებების დამცველ ინსტიტუტებთან და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ერთ-ერთი საუკეთესოა. ის უშიშრად დამოუკიდებელია და ეფექტურად ასრულებს მონიტორინგის ფუნქციას. ვიცით, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისზე ბოლო თვეებში გახშირდა თავდასხმები, რაც მისი დამოუკიდებლობის მანიშნებელია. სახალხო დამცველის ოფისი მაშინაა ეფექტური, როდესაც პოლიტიკოსები თავს ესხმიან და შეურაცხყოფას აყენებენ”, – განაცხადა მანია კიაიმ.

კიაის თქმით, ერთ-ერთი ძველი რეკომენდაცია, რომლის შესახებაც კვლავ საუბრობენ, არის სახალხო დამცველის ოფისისთვის შესაბამისი შენობის გამოყოფა.

“დაფინანსება იქნება ხელისუფლების მხრიდან იმის ნიშანი, რომ მათ სურთ ჰყავდეთ მაკონტროლებელი სახალხო დამცველის სახით, რომელიც შუამავალია მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის”, – განაცხადა კიაიმ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ოფისის პატივისცემა განისაზღვრება იმით, რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება მის რეკომენდაციებს.

“სახალხო დამცველის ინსტიტუტს აქვს რთული და მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ დაგვანახოს ის შეცდომები და გადაცდომები, რომელიც მოდის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რანაირად აღვიქვამთ ჩვენ ამ მინიშნებებს, განსაზღვრავს, რამდენად ევროპულ პოლიტიკურ კულტურას ვიღებთ და ვავითარებთ. მოსმენა და მასთან დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი. მთავარია, ამ ურთიერთობაში შევძლოთ არა თვალის დახუჭვა ამ რეკომენდაციებზე, არა დაპირისპირება, არამედ რეალურად დისკუსიებში შესვლა. რეალურად, იმაზე ფიქრი, რანაირად შეიძლება ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა გახდეს ცივილიზებული, უფრო მეტად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული. ეს პრაქტიკა ყოველწლიურად უფრო ღრმავდება ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებაში, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშივლმა.

თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ოფისს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით და დღეს საქართველოს პარლამენტი დიდ ყურადღებას უთმობს მის რეკომენდაციებს.

“მე მგონი, არ არსებობს ადამიანი ქვეყანაში, რომელიც ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, რაიმე ჩარევის საფრთხე ემუქრება ან ხელი ეშლება საქმიანობაში. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი გარდატეხები და ცვლილებები გვაქვს… 2012 წლიდან მნიშვნელოვნად დაიწყო ზრდა სახალხო დამცველის ოფისისათვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის. რესურსებზე ხელმისაწვდომობა იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სახალხო დამცველის ოფისისათვის. გაორმაგებულია თანამშრომელთა რაოდენობა, რეგიონული წარმომადგენლობების რაოდენობა გაიზარდა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კომიტეტების სხდომაზე და პლენარულ სესიაზე პარლამენტი არა მარტო ისმენს და განიხილავს რეკომენდაციებს, არამედ თვალყურს ადევნებს, რამდენად ასრულებენ უწყებები სახალხო დამცველის რჩევებს.

ჩუგოშვილის თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი 80%-ს ასცდა.

კონფენრეცია, რომელიც დღეს, 19 აპრილს, დაიწყო, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნების ომბუდსმენები, ადამიანის უფლებათა  დამცველები, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების და მთავრობის წარმომადგენლები განიხილავენ ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიან ინსტიტუტებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, აფასებენ არსებული მდგომარეობასა და მიღწეულ წარმატებებს. ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი