პირველი კანონპროექტი ეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას:
“ეკონომიკაში არის საგანგაშო ტენდენციები… ვთავაზობ საქართველოს მთავრობას გამოაცხადოს სრული ეკონომიკური ამნისტია 2013 წლამდე საგადასახადო დავალიანებაზე. ასევე, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, რომ არ იყოს საპატიმრო სანქციები გამოყენებული ეკონომიკურ დანაშაულებზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მეორე საკანონმდებლო ინიციატივა ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას:
“ამ დღეებში საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა კერძო მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. ერთი ფაქტი მითხარით, რომ ჩემი მთავრობის პირობებში გავრცელდა ასეთი მასალები. ამას მე ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდი,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ახალი მთავრობის პირობებში ამ კუთხით სამი საგანგაშო ფაქტი დაფიქსირდა: 1. როდესაც ციხის თანამშრომლების სახელები, გვარები და მისამართები გადაეცა პრესას და გამოქვეყნდა; 2. განხორციელდა შანტაჟი მოსამართლის თანაშემწეზე მისი პირადი ცხოვრების მასალების გამოყენებით და 3. პროკურატურამ გაავრცელა ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები:
“ბევრი ცუდი რეჟიმი იპოვებს ასეთ მასალებს და ზოგჯერ დებს ამ მასალებს ინტერნეტში. მე არ ვიცი მსოფლიოს არც ერთი პროკურატურა, რომელიც ჟურნალისტებს მისცემს პირადი ცხოვრების ამასახველ მასალებს. ჩვენმა პროკურატურამ ჩაიდინა ეს… ეს არის ის, რასაც რუსეთში სწავლობდნენ რუსი ოლიგარქები 1990-ან წლებში”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტით აიკრძალება ასეთი მასალების შეგროვება და “ის, რაც პროკურატურამ გააკეთა, ეს დაისჯება სისხლის სამართლებრივად”.
მესამე კანონპროექტი ეხება სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ გარანტიებს. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, რომელიც დაიღუპება, დაენიშნოს სამხედრო პენსი. ასევე, გაორმაგდეს სამხედრო პენსიები და ის სახელმწიფო პენსიის მინიმალური ოდენობის ორმაგი იყოს. ხოლო თუკი სამხედრო პენსიონერი გავა პენსიაზე, მას შეეძლოს დარჩეს სხვა სამსახურში.
“ამის ფული დღეს ბიუჯეტში არის”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, მის მიერ ინიცირებული პირველი კანონპროექტი მინიმალურ ხარჯებს მოითხვს, მეორე არ უკავშირდება არანაირ ფინანსურ სახსრებს, ხოლო მესამე კანონპროექთან დაკავშირებით ის ფინანსურ დასაბუთებას პარლამენტს წარუდგენს.