ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო კანონში ცვლილებებს ეწინააღმდეგება

14 იანვარი, 2013 •
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო კანონში ცვლილებებს ეწინააღმდეგება

საბჭოს წევრთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საინიციატვო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, პოლიტიკურ ძალებს სრული კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.


“მეტიც, კანონპროექტში ჩადებული მექანიზმები ასეთი კონტროლის საშუალებას მისცემს ყველა მორიგი საპარლამენტო არჩევნების შდეგად გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს”, – ნათქვამია საბჭოს მიერ 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

საბჭოს წევრების აზრით, ეს პროექტი მიმართულია იქეთკენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ტელევიზიად გადაიქცეს და თუკი პარლამენტი ამ ცვლილებებს დაამტკიცებს, მას აღიქვამენ, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებულ ზეწოლად.


განცხადებაში არაა განმარტებული მიზეზები, დაკონკრეტებული პროექტის რომელ პუნქტს ეწინააღმდეგებიან.

განცხადებაზე საბჭოს წევრების უმრავლესობის ხელმოწერაა, თუმცა მათ შორის არ არიან: ნინო დანელია, გიორგი მელაძე, ოთარ კობერიძე და ბაკურ სულაკაური.

ცვლილებების პროექტი პარლამენტში საინიციატივო ჯგუფმა შეიტანა და მისი ავტორები არიან:  იურისტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.


საკანონმდებლო ინიციატივის  მიხედვით იცვლება მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი. საბჭო 9 -წევრიანი ხდება, რომელთაგანაც სამს საპარლამენტო უმცირესობა წარადგენს, სამს- უმრავლესობა, ორ წევრს ნიშნავს ომბუდსმენი.

 
 სამეურვეო საბჭოს ერთი წევრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი