საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედის მიწოდების გამო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი ინდმეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მათ ბრალად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება–გამოყენება და თაღლითობის ჩადენა ედებათ.
“ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ მეწარმეებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ვალდებულება ჰქონდათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაგა – ბაღები მოემარაგებინათ უმაღლესი ხარისხის კარაქით. ბრალდებულებმა, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ათეულობით საბავშვო ბაგა – ბაღს უმაღლესი ხარისხის კარაქის ნაცვლად ეტაპობრივად მიაწოდეს იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედი, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხებს“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ–ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე – 2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.