გაზაფხულის მოსვლასთან ერთად სეზონური ხილის არჩევანი უფრო მრაფალფეროვანი ხდება. როდიდან უნდა დავაწყებინოთ ჩვილ ბავშვებს ხილის მიღება? არის თუ არა რომელიმე ხილი, რომელიც ჩვილებს არ უნდა მივცეთ? რა უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესში? – “ნეტგაზეთის” კითხვებს პედიატრიულ სამსახურში, “მრჩეველში” უპასუხეს.
მერამდენე თვიდან შეიძლება დავაწყებინოთ ჩვილს ხილის მიღება და რა დოზით უნდა გავასინჯოთ თავდაპირველად?
ხილის, ისევე როგორც სხვა დამატებითი საკვების, შეთავაზება შესაძლებელია 4-დან 6 თვემდე ასაკში. დამატებითი საკვების შეთავაზების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია 4-6 თვემდე კვების ტიპზე (ექსკლუზიურად ძუძუთი კვება/ ხელოვნური ნარევით კვება), ბავშვის განვითარებაზე (მყარი ჯდომა, თავის და კისრის კონტროლი, ყლაპვის უნარი). პირველ ჯერზე ვთავაზობთ მცირე ულუფებით, დაახლოებით 1-2 ჩ/კ. მცირე ულუფების შეთავაზება გრძელდება 2-3 დღე. დამატებითი საკვების შეთავაზება არ შეიძლება 17 კვირის ასაკამდე.
პირველად რომელი ხილის მიცემა არის რეკომენდებული?
ეს მშობლის გადასაწყვეტია. მთავარია, ის არ შეიცავდეს გადაცდენის რისკს (მაგალითად, ყურძნის მარცვლები)
არის რომელიმე ხილი, რომლის მიცემაც აკრძალულია 1 წლის ასაკამდე ბავშვისთვის?
არა, 6 თვის ასაკის ბავშვისთვის ნებისმიერი ხილის შეთავაზება არის შესაძლებელი. მთავარია, ის იყოს შესაბამისად დამუშავებული (გადაცდენის რისკის შემცირების თვალსაზრისით).
უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე გართულებებს ბავშვისთვის ხილის პირველად მიცემის შემდეგ?
ნებისმიერი ახალი პროდუქტის, მათ შორის, ხილის დამატებისას შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია. ამიტომაც არის რეკომენდებული სამდღიანი დაკვირვების პერიოდი ახალი ხილის დამატებისას და ამ სამი დღის მანძილზე მცირე რაოდენობით 1-3 ჩაის კოვზის შეთავაზება.
აუცილებელია თუ არა ხილის დაბლენდერება, ვიდრე მას ბავშვს მივცემთ?
აუცილებელია ხილის იმ ფორმით მიცემა, რომ ბავშვმა მისი გადაყლაპვა მოახერხოს. ეს შეიძლება დაბლენდერებით, დაჭყლეტვით, დახეხვით, თერმული დამუშავებით მოხდეს.
რა დროს არის რეკომენდებული ხილის მიცემა – კვებამდე, კვების შორის პერიოდში თუ კვების შემდეგ?
ასეთი მკაცრი რეკომენდაცია არ არსებობს. გაითვალისწინეთ, რომ არ ღირს ხილით ძირითადი კვების (საუზმე, სადილი და ა.შ) ჩანაცვლება. ამიტომ უმჯობესია, თუ მშიერ ბავშვს პირველ რიგში ხილს არ შესთავაზებთ. ასეთ შემთხვევაში, ბავშვმა შეიძლება ძირითად საკვებზე უარი თქვას.
რა შემთხვევებში არ შეიძლება, რომ 1 წლამდე ასაკის ბავშვს ხილი მივცეთ?
მხოლოდ გარკვეულ ხილზე ალერგიის ან აუტანლობის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევებში, კონკრეტული პროდუქტის შეზღუდვა შეიძლება 1 წლის შემდეგაც გახდეს საჭირო.
როდესაც ბავშვს ხილს ვაძლევთ, მნიშვნელოვანია თუ არა, რომ ეს იყოს აუცილებლად სეზონური ხილი? (მაგალითად, შეიძლება თუ არა მარწყვი მივცეთ თებერვალში?)
სეზონური ხილის გამოყენებას უპირატესობა ენიჭება, თუმცა არც არასეზონური ხილის გამოყენებაა შეზღუდული/აკრძალული. როგორც სეზონური, ასევე არასეზონური ხილის დამატება შეიძლება 4-6 თვიდან.
შესაძლებელია თუ არა ჩვილისთვის გაყინული ხილისგან მომზადებული კომპოტის მიცემა?
დიახ, შესაძლებელია, თუ კომპოტი იქნება დაუმტკბარი. აქაც სეზონური ხილის დაუმტკბარი კომპოტი უპირატესია.
საშიშია თუ არა, თუ ჩვილი ხილის ჭამაზე უარს ამბობს და როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მშობელი?
ხილი ერთ-ერთი საკვები ჯგუფია და სასურველია, რომ ჩვილის (6 თვიდან) ყოველდღიურ რაციონში შედიოდეს. თუმცა ჩვილებში ხილის არმიღება განსაკთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ბავშვის ძირითად საკვებს ჯერ კიდევ რძე (ბუნებრივი ან ადაპტირებული ნარევი) წარმოადგენს. ადაპტაციის პერიოდში ბავშვების დიდი ნაწილი აპროტესტებს ახალ საკვებს, თუმცა ხშირი შეთავაზება მაინც აუცილებელია, რომ შემდგომში ბავშვმა ხილის ერთი სახეობა მიიღოს.
დღეში რამდენი გრამი ხილის მიღებაა აუცილებელი ჩვილისთვის, თუ ასეთი ნორმა არ არსებობს?
წლამდე ასაკში დაახლოებით 2 სუფრის კოვზი დღის მანძილზე ოპტიმალურია, თუმცა ეს არ არის კონკრეტული ნორმა და შესათავაზებელი ხილის რაოდენობა ინდივიდუალურად, ბავშვის მოთხოვნილების მიხედვით შეიძლება გადაწყდეს.
როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა, თუ ამა თუ იმ ხილმა რაიმე ალერგია ან სხვა სახის უკურეაქცია მისცა ბავშვს და რა უნდა ქნას ასეთ დროს?
ალერგიის ნიშნებია ფაღარათი, გამონაყარი, ღებინება. თუ ასეთი ნიშნები ვლინდება, მაშინ დროებით უნდა შეწყვიტოთ ხილი და დაუკავშირდეთ ექიმს.
პედიატრიული სამსახური “მრჩეველი” მშობლებს ხილის გამოყენებით სხვადასხვა რეცეპტს სთავაზობს. მაგალითად, ერთ-ერთი რეცეპტის თანახმად, სხვადასხვა ჩირით შეგიძლიათ მოამზადოთ ხილის პური, რომელიც 2 წლიდან ზემოთ ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული: