ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნალბანდიანი: ბოლო დროს სომხურ-ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა

12 აპრილი, 2017 • 1910
ნალბანდიანი: ბოლო დროს სომხურ-ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა

“ბოლო დროს სომხურ-ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა”, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა ქართველ კოლეგესთან 11 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ ერევანში.

“ორივე მხარე პერიოდულად იმეორებს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის პრობლემა არ არის. არსებობს საკითხები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით წყდება. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამას მოწმობს. ჩვენ განვიხილეთ მრავალრიცხოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, ტურისტულ სფეროებს, ასევე – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. შევეხეთ ასევე პრობლემებს, რომლებიც აღელვებს საქართველოს სომხურ თემს და ნაბიჯებს ამ პრობლემების გადასაჭრელად”, – განაცხადა ნალბანდიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანსაც შეხვდა.

“განსაკუთებული ყურადღება დაეთმო ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის დაახლოებისა და უკეთ გაცნობის აუცილებლობას. ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცნობადობისა და პოპულარიზაციის დონის ამაღლებას, არსებული ტრადიციული და მეგობრული ურთიერთობების შესაბამისად. ამას გარდა, მხარეებმა მიმოიხილეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის მნიშვნელობა”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მიხეილ ჯანელიძე, ედვარდ ნალბანდიანი; 2017, ფოტო: hetq.am

მიხეილ ჯანელიძე, ედვარდ ნალბანდიანი; 2017, ფოტო: hetq.am

 

მასალების გადაბეჭდვის წესი