ახალი ამბები

პროკურატურა აცხადებს, რომ ნაცმოძრაობას დაფინანსების თვალთმაქცური სქემა ჰქონდა

9 იანვარი, 2013 • 1204
პროკურატურა აცხადებს, რომ ნაცმოძრაობას დაფინანსების თვალთმაქცური სქემა ჰქონდა

საუბარია  2012 წლის 8 სექტემბერს ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის ”  მიერ საქართველოს 11 ქალაქში გამართულ ყრილობაზე.


პროკურატურა აცხადებს, რომ ქალაქ ზუგდიდში ხალხის ჩასაყვანად პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა, შესაბამისი ხელშეკრულებებით, დაიქირავა ეგრეთ წოდებული ყვითელი მიკრო ავტობუსების კომპანიები. რომლებსაც პარტიის ანგარიშიდან გადაერიცხათ მხოლოდ მძღოლების შრომის საფასური, 39 900 ლარი.


“რადგან მიკროავტობუსებისთვის საჭირო იყო დიდი რაოდენობის საწვავი, შემუშავდა პარტიული ღონისძიების “შავი არხით” დაფინანსების თვალთმაქცური სქემა. სქემაში ჩაება შინაგან საქმეთა სამინისტრო”, – აცხადებს პროკურატურა 9 იანვარს – “ გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან, მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის – ნიკოლოზ ძიმცეიშვილის და კონსტიტუციური უსაფრხოების დეპარტამენტის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით, 54 000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას. ქობალიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განკუთვნილი დანაშაულებრივად მოპოვებული საწვავის ტალონები  გადაუნაწილა 393 მიკროავტობუსის მძღოლს”.


პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ გამოიძიეს  2012 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის ორგანიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები:


“120 000 ლარი ფარულად, საფინანსო დეკლარაციაში ყოველგვარი ასახვის გარეშე, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძემ გადაიხადა და პარტიის სასარგებლოდ განახორციელა  უკანონო შემოწირულობა”.


პროკურატურა მიიჩნევს, რომ გამოძიების პროცესში გამოიკვეთა  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი . შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით მასალები გადაიგზავნა   პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შემედგ ფაქტებზე:


1.   2012 წლის 6 სექტემბერს ნ. ძიმცეიშვილის მიერ  გადაცემული 54 ტონა დიზელის  საწვავის ტალონები ღირებული  126. 900 ლარად  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” , რაც შესაძლოა აღმოჩნდეს უკანონო შემოწირულობა.


2.   2012 წლის 22 სექტემბერს   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ კომპანია „თბილისის მიკოავტობუსისთვის” გადაცემული 120.000 ლარი ნაღდი ფული, რაც ასევე შესაძლოა ჩაითვალოს უკანონო შემოწირულობად.


3.   2012 წლის 28 სექმტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ კომპანია „თბილისის მიკოავტობუსისთვის” გადაცემული 56.000 ლარი ნაღდი ფული, რაც ასევე შესაძლოა ჩაითვალოს უკანონო შემოწირულობად.

ნაციონალურ მოძრაობა პროკურატურის ბრალდებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი