თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, მომდევნო კვირაში სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საჰაერო თავდაცვის სისტემის საკითხი იქნება.
ლევან იზორიას თქმით, საჰაერო თავდაცვა საქართველოს ცენტრალური პრიორიტეტია:
“საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საუკეთესო კომპონენტი არის ანტისაჰაერო სისტემა. ჩვენ ვერ გვეყოლება ძლიერი სახმელეთო ჯარი, ვერ გვეყოლება ძლიერი საჰაერო ძალები და თუ ამის ამბიცია გაგვიჩნდა, საზღვაო ძალები, თუ ისინი დაცული არ იქნება საჰაერო თავდასხმებისგან. ჩვენ ეს გამოცდილება რუსეთ-საქართველოს ომის დროს მივიღეთ და პრიორიტეტად ანტისაჰაერო სისტემის შეძენის აუცილებლობა განისაზღვრა.”
მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს:
“ახლახან ჯგუფი იყო ჩამოსული, რომელიც კონტრაქტის სხვადასხვა პირობებს აზუსტებს. წელს ეს კონტრაქტი ინტენსიურ ფაზაში შედის, რაც გულისხმობს საავიაციო დანაყოფში ჩვენი კონტიგენტი მომზადებასაც, რათა მათ ანტისაჰაერო სისტემის გამოყენების უნარი ჰქონდეთ. მეტსაც გეტყვით, მომდევნო კვირას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მიპატიჟებით პარიზს ვესტუმრები, სადაც ამ კონტრაქტის შესრულების დეტალები განხილვის ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება.”
ლევან იზორიას ინფორმაციით, საქართველოს გარკვეული პროგრესი აქვს ანტისატანკო სისტემებთან დაკავშირებით:
“მეორე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ანტისატანკო სისტემის მაქსიმალური უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი გვაქვს. ის თანხები, რაც აღჭურვილობისთვის არის მობილიზებული, მოდერნიზაციის ხუთ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემაზე, ანტისატანკო სისტემის შეძენაზე. ჩვენ გვაქვს გარკვეული პროგრესი, რაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი.”