ახალი ამბები

კომიტეტმა მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

10 აპრილი, 2017 • 2285
კომიტეტმა მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

დღეს, 10 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც მარიხუანის მოყვანასა და კანაფის დათესვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბექა წიქარიშვილის სარჩელი და პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობის საკონსტიტუცო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, იუსტიციის სამინსიტრომ ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა.

კანონპროექტით, კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა უქმდება, ხოლო მოხმარებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება. თავისუფლების აღკვეთის სასჯელი ასევე უქმდება კანაფის დათესვისთვისაც, თუ მისი წონა დიდ ოდენობას (140 გრამი) არ აღემატება.

“ჩემი აზრით, ჩვენ საკმაოდ გაბედულ ნაბიჯებს ვდგამთ კანონმდებლობის ლიბერალიზაციის კუთხით. მოდი, დავაკვირდეთ ამ ეტაპს და დანარჩენს შემდეგ შევხედავთ. ასეთი გადაწყვეტილებების საჩქაროდ მიღება არ შეიძლება,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ კანონპროექტის წარდგენისას.

სანდრო ბარამიძე მიიჩნევს, რომ პროექტით განსაზღვრული სანქციები სამართალდარღვევის ადეკვატურია:

“ნარკოტიკის მოხმარება სამართალდარღვევად რჩება და გარკვეული სანქცია უნდა იყოს გათვალისწინებული. იმისთვის, რომ არ დაჯარიმდე, ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდე, უნდა იშრომო და საზოგადოების მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. ეს არის მესიჯი. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე” – ამბობს სანდრო ბარამიძე.

პროექტი პოზიტიურად შეაფასა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ. მისი აზრით, ასეთი ცვლილებებით ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას უწყობენ ხელს:

“ძალიან პოზიტიური პროექტია, ის ხელს უწყობს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, ასევე ვასრულებთ საკონსტიტუცო სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა ჩვენ უფრო შორს წავედით, ჯარიმის რაოდენობა 300 ლარამდე შევამცირეთ, ასევე კანაფის დათესვისთვის სასჯელი შემცირდა.”

პოლიტიკური პარტია “გირჩის” თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა არაფერს ცვლის:

“რეალურად, საკონსტიტუცო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახავენ კანონმდებლობაში. აქ საუბარი არ არის არც დეკრიმინალიზაციაზე და არც ლეგალიზაციაზე. რეალურად, შინაგან საქმეთა სამინსიტროს მის ხელთ არსებული რეპრესიული ბერკეტები ისებვ რჩება, ამიტომ, რეალურ ცხოვრებაში ამ კანონით არაფერი შეიცვლება,” – ამბობს ჯაფარიძე.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს აწესრიგებს და  ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებს საერთოდ ვერ პასუხობს. წიქარიშვილი ვარაუდობს, რომ კანაფის დათესვისთვის სასჯელის შემსუბუქების გადაწყვეტილება  საკოსნტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას უკავშირდება:

“ეს პროექტი ტექნიკურად აწესრიგებს იმ საკითხებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა. ოდნავ წინ მიდის კანაფის დათესვის ნაწილში, თუმცა ეჭვი გვაქვს, რომ ეს ცვლილებაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავამ გამოიწვია. სხვა მხრივ, მგონია, რომ პროექტი ვერ პასუხობს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს.  იქნება ეს პრევენცია, რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია თუ ასე შემდეგ. თან მარტო მარიხუანის მომხმარებელი არ არის მომხმარებელი, 203 ნარკოტიკული ნივთიერება არსებობს,” – ამბობს ბექა წიქარიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი