ახალი ამბები

პირველი არხის გენერალურ დირექტორად გიორგი ბარათაშვილი აირჩიეს

26 დეკემბერი, 2012 •
პირველი არხის გენერალურ დირექტორად გიორგი ბარათაშვილი აირჩიეს

პირველი არხის გენერალური დირექტორობის ერთ–ერთმა კანდიდატმა ნათია აბრამიამ 3 ხმა მიიღო, მეორე კანდიდატმა მეგი თავდუმაძემ- 2 ხმა. 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის განცხადებით,  პროცედურა არ არის დასრულებული, რადგან კონკურსის პირობებით 5 სამუშაო დღის განმავლობაში გამარჯვებულმა კანდიდატმა უნდა წარმოუდგინოს სამეურვეო საბჭოს იმ დოკუმენტების აუცილებელი ჩამონათვალი, რომელიც კონკურსის პირობით იყო მოთხოვნილი და სწორედ ამის შემდეგ მასთან დაიდება ან არ დაიდება შრომითი ხელშეკრულება. 

 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ მახარაშვილი, გიორგი ბარათაშვილი, თიკა რუხაძე, ნათია აბრამია, მეგი თავდუმაძე, ეს ის ხუთი კანდიდატია, რომელთაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის შესარჩევი პირველი ტური გადალახეს.

 

კანდიდატებმა მონაწილეობა მიიღეს დებატებში, რომელიც  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, დავით პაიჭაძის გადაცემა “დიალოგში” 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კანდიდატებმა 4 მთავარ კითხვას უპასუხეს, რისთვისაც მათ თანაბარი დრო ჰქონდათ გამოყოფილი.

 

პირველი ტური კანდიდატებთან გასაუბრებას ითვალისწინებდა. კანდიდატებზე ხმები ასე გადანაწილდა: ნიკოლოზ მახარაშვილი–7 ხმა, გიორგი ბარათაშვილი, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს –10 ხმა, თიკა რუხაძე–7 ხმა, ნათია აბრამია –8 ხმა, მეგი თავდუმაძე – 7 ხმა.   

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე CV-ების მიღება 20 დეკემბერს, 18:00 საათზე დასრულდა. გენერალური დირექტორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად განაცხადი 143-მა პირმა გაგზავნა.

 

საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი სამეურვეო საბჭომ 14 დეკემბერს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სამეურვეო საბჭომ დააკმაყოფილა ყოფილი გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადება გადადგომის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი