საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი თევდორაშვილი ამბობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა შიმშილობის ნაცვლად მძიმე მარხვაზე იყოს და ციხის ადმინისტრაცია სიტუაციაში სწორად ვერ გაერკვა:
“მე ვფიქრობ, ეს ინფორმაცია შეიძლება არ იყოს ზუსტი. განსაკუთებით სასულიერო პირს ეხება ეს. როდესაც არის განსაცდელში, არ მგონია, შიმშილობდეს. შეიძლება, მან მარხვა გაამკაცრა და ეს ციხის ადმინისტრაციას ჰგონია, რომ არის შიმშილი” – თქვა საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა “აჭარის ტელევიზიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა 4 აპრილს დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა. როგორც ადვოკატები ამბობენ, დეკანოზი პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.
პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.
გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პარტრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.