ახალი ამბები

მოსამზადებელი შეკრება ყირიმში? – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის “მექანიკური შეცდომა”

5 აპრილი, 2017 •
მოსამზადებელი შეკრება ყირიმში? – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის “მექანიკური შეცდომა”

ჭიდაობის ფედერაცია აცხადებს, რომ მათმა პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მექანიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები მომზადებას ალუშტაში გაივლის. ალუშტა ყირიმში მდებარეობს, რომელსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს.

“საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განმარტავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები მომზადებას ალუშტას ბაზაზე არ გადის. ეს იყო მექანიკური შეცდომა, რომელიც საუბრისას იქნა დაშვებული. ეროვნული ნაკრების ნაწილი ბორჯომში იმყოფება, ნაწილი კი, საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა უფროსი ასაკის ნაკრები რამდენიმე დღეა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ადლერში შეკრებაზე იმყოფება, ხოლო დღეს გუნდს 23-მდე ასაკის წევრებიც შეუერთდებიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უკვე გაიარა მზადება სომხეთის ქალაქ წაღკაძორში. კარგად დაგეგმილი სასწავლო საწვრთნელი პროცესების ერთობლიობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და მოჭიდავეებმა ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი და 11 მედალი მოუტანეს”, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი