ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გახსნის შემდეგ ქალაქში ასიათასობით ტურისტი ჩამოდის. რა გავლენა იქონია ტურისტების ნაკადის ზრდამ ქალაქის განვითარებაზე?
მგზავრთა ნაკადი
ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 2012 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთმა უმსხვილესმა, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “Wizz Air”-მა 2016 წლის სექტემბერში რეგიონში პირველი ბაზა სწორედ ქუთაისში გახსნა. “Wizz Air” ქუთაისიდან კვიპროსში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ლიტვაში, პოლონეთში და დიდ ბრიტნეთში ახორციელებს რეისებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, 2016 წელს მგზავრთა ნაკადი ყველაზე მაღალი იყო და 271 363 შეადგინა, ხოლო 2017 წლის სამი თვის მონაცემებით, მგზავრთა ნაკადი 67 870-ია. ასეთი დატვირთვის გამო 2017 წელს აეროპორტის გაფართოებაა დაგეგმილი.
აეროპორტის რეკონსტრუქციის იდეა
ქუთაისში აეროპორტის რეკონსტრუქციის იდეა “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრს, გიორგი კანდელაკს ეკუთვნის. გიორგი კანდელაკი “ნეტგაზეთთან” საუბრისას იხსენებს, საიდან გაუჩნდა ეს იდეა.
“ეს იდეა ორ ადამიანს 2008 წლის ბოლოს გაგვიჩნდა. უამრავი ჩვენგანი შეხვედრია დაბალფასიანი ავიაკომპანიის ფენომენს ევროპაში, ეს იყო ინსპირაცია. ჩემთვის თვალშისაცემი იყო ის ეფექტი, რაც ასეთ ავიაკომპანიებს ჰქონდათ იმავე ბალტიისპირა ქვეყნების განვითარებაში. ასეთმა კომპანიებმა რომ იფრინონ, საჭიროა დერეგულირებული და ღია ბაზარი. მანამდე ჩვენთან არსებობდა რეგულირებული და არალიბერალური ბაზარი, სადაც კვოტებია, კორუფციაც იყო და ასე შემდეგ. ამ პერიოდში ევროკავშირთან გავაფორმეთ ღია ცის შესახებ ხელშეკრულება და მოხდა ბაზრის დერეგულაცია.
ასეთი რამ შესაძლებელი იყო მხოლოდ ქუთაისში, რადგან საქართველოს ცენტრია და თანაბრად ახლოს არის აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. ამას გარდა, თბილისისა და ბათუმის აეროპორტი ერთი ოპერატორის ხელშია და საქმიან მგზავრებზეა ორიენტირებული, რის გამოც ბილეთები ძვირია. ერთგვარი მონოპოლიაც წარმოიქმნა და ყველა მონოპოლიის წამალი არის კონკურენცია. ”
გიორგი კანდელაკის თქმით, ამ იდეას “ნაციონალურ მოძრაობაშიც” გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები და სწორედ ამიტომ დასჭირდა 3 წელი განხორციელებას:
“2010 წელს ეკონომიკის მინისტრად ვერა ქობალია დაინიშნა და ისიც მოემხრო ამ იდეას. 3 წელი დასჭირდა იდეის ლობირებას, რადგან ბევრი სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობდა, მათ შორის გუნდის შიგნით, თორემ უფრო მალე გავხსნიდით აეროპორტს. გადაწყვეტილების მიმღებების, პირველ რიგში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დარწმუნებას დასჭირდა ეს პერიოდი. თუმცა მის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე, რა თქმა უნდა, პროექტი ვერ განხორციელდებოდა და უვიზო მიმოსვლის დაწესებისადმი მიძღვნილ მიმართვაში მას მადლობაც გადავუხადე,” – აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.
აეროპორტის მიერ მოტანილი სარგებელი
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ამჟამად ქალაქში, ჯამში, 100 სასტუმრო, საოჯახო ტიპის სასტუმრო და ჰოსტელი მოქმედებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ 2012 წლის შემდეგ გაიხსნა. სასტუმროების დიდი ნაწილი ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული.
ერთ-ერთი ასეთი საოჯახო სასტუმროა “ოქროს საწმისი”, რომელიც ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, ნიუპორტის ქუჩის 18 ნომერშია განთავსებული.
“აეროპორტის გახსნიდან მალევე დავიწყეთ საქმიანობა. სტუმრები ძირითადად პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან და გერმანიიდან გვყავს. ორადგილიანი ნომერი 50 ლარი ღირს. Booking.com-იდან ვიზიდავთ ტურისტებს. ნომრები სექტემრამდე დაჯავშნილი გვაქვს,” – ამბობს ლაშა ლოსაბერიძე, სასტუმროს მფლობელი.
ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დები იშხნელების ქუჩაზე წლებია რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს. ქუთაისში ეს ტერიტორია ყველაზე გამწვანებულია და ხედი მთელ ქალაქზე იშლება. პირობების გარდა, სწორედ ამ ბუნებრივი მდგომარეობით იწონებენ თავს დაწესებულებების მეპატრონეები. “სასტუმრო გორას” მფლობელის, შალვა ბობოხიძის თქმით, აეროპორტის გახსნის შემდეგ შენობა რამდენჯერმე გააფართოვა.
“2005 წელს დავიწყე საქმიანობა, მაშინ ექვსი ნომერი მქონდა, ახლა 50 ნომერი მაქვს. შარშან 8 ოთახი მოვაშენე. საუზმის ჩათვლით ერთი ნომრის ფასი 40 ლარია. კარგი კვება მაქვს, სისუფთავეა, ყველა ნომერში მაქვს სველი წერტილი და ყველანაირი პირობით უზრუნველვყოფ ტურისტებს. საკონფერენციო სივრცეც მაქვს. ჩემი სასტუმროდან საუკეთესო ხედებია. სეზონზე 10 ადამიანი მყავს დასაქმებული. აეროპორტმა ტურისტების რაოდენობაც გაზარდა და სასტუმროებისაც. ტურისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდნენ და ყველაფერი თავკომბალასავით თბილისში რომ არის თავმოყრილი, ტურიზმის სფეროში ასე არაა.“
სტუმრებს შალვა ბობოხიძეც Booking.com-დან იზიდავს, გარდა ამისა, ტურისტულ სააგენტოებთანაც თანამშრომლობს.
“ოქტომბრის შუა რიცხვამდე დაჯავშნილი მაქვს ნომრები. ტურისტული კომპანიები ცდილობენ, რაც შეიძლება დაგაკლებინონ ფასი, კაპიკებზე უნდათ გამუშაონ. რეკლამა სათანადოდ დღესაც არ მaქვს გაკეთებული, მაგრამ სტუმრები მიკეთებენ კარგ რეკლამას, რადგან მაქსიმალურად ვცდილობ თავი კარგად იგრძნონ“.
აეროპორტის გახსნამდე ქალაქში 2-3 ჰოსტელი იყო, ახლა ეს რიცხვი 15-მდეა გაზრდილი. “სტარ ჰოსტელის” მფლობელის, ვანო კაკაურიძის თქმით, დაწესებულება 2013 წელს გახსნა:
“ჩვენ დაბალბიუჯეტიან ტურისტებზე ვართ ორიენტირებული, 12 ლარიდან იწყება ფასი. გვაქვს ორსაწოლიანი ლუქსებიც, რომლის ფასი 40 ლარია. სტუმრები ძირითადად პოლონეთიდან, გერმანიიდან და უნგრეთიდან მყავს. ახალი ავიარეისების დამატების შემდეგ მგზავრების რაოდენობამაც მოიმატა. სტუმრებს ტურებსაც ვთავაზობ, ავტომობილების გაქირავების სერვისიც მაქვს. სრულად ყველა დღე არ არის დაჯავშნილი, მაგრამ, ზოგადად, სექტემბრამდე არის ნომრების დიდი ნაწილი დაჯავშნილი. ახლა 40 ნომერი მაქვს და გაფართოებაზე ვფიქრობ,” – ამბობს კაკაურიძე.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის თქმით, ბოლო სამ წელიწადში ქალაქში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა. მისივე აზრით, მთავარი პრობლემა არის მსხვილი სასტუმროების არარსებობა, რომლებსაც ერთბაშად დიდი რაოდენობის ტურისტების მიღება შეუძლია:
“ჩვენი საქმიანობა იმისკენ არის მიმართული, რომ მათ შემოსვლას ხელი შევუწყოთ. გასულ წელს გვქონდა სპეციალური პროგრამა. თუ მუნიციპალურ ქონებას სასტუმროს მშენებლობისთვის გამოიყენებენ და ნომრების რაოდენობა იქნება ოცი და მეტი, ინვესტორს საპრივატიზაციო ღირებულების ორწლიან უფასო განვადებას ვთავაზობთ. ამით ორმა ინვესტორმა უკვე ისარგებლა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი მსხვილი სასტუმრო გაიხსნება. რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს, ქალაქში ყოველ უბანში იხსნება ასეთი დაწესებულებები.”
პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქუთაისში
3 აპრილს ქუთაისში სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა. ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარე სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი, ასევე ადაპტირებული ნომერი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს. პროექტი საპარტნიორო ფონდმა “კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელთან” პარტნიორობით ააშენა. ღირებულება არის 3 მილიონი აშშ დოლარი, სადაც ფონდის თანამონაწილეობა 1.4 მლნ დოლარია.
“აეროპორტის ყველა დამატებითი რეისი დამატებითი მგზავრია და ეს მგზავრები ქალაქის ინფრასტრუქტურით და ტურისტული პოტენციალით სარგებლობენ. ახალი რეისების დანიშვნის შემდეგ ქალაქის ეკონომიკას სტიმული მიეცა, ახალი სასტუმროები და კაფეები გაიხსნა. მომსახურების სფერო განვითარდა, ზოგადად,” – ამბობს ქუთაისის მერი, შოთა მურღულია.
ქუთაისი ტურისტების თვალით
ქუთაისში ტურისტები ქალაქის ისტორიულ უბნებსა და არქიტექტურულ ნიმუშებს ათვალიერებენ, როგორიცაა მწვანე ყვავილას დასახლება და იქ განთავსებული სამი სინაგოგა. ასევე, ბაგრატის ტაძარი და ქუთაისთან მდებარე გელათისა და მოწამეთის ეკლესიები. ტურისტებში პოპულარულია პრომეთეს და ნავენახევის მღვიმე, ასევე, სათაფლია. პრობლემად რჩება გასართობი დაწესებულებების არარსებობა/სიმცირე.
“ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვედი უკრაინიდან. აეროპორტი ძალიან მომეწონა, ფასები კარგია, ყველაფერს სწრაფად, დაყოვნების გარეშე აკეთებენ. ქალაქში ბავშვთა გასართობი ცენტრი ძალიან პატარაა, საჭიროა მეტი ადგილი, სადაც ცივ დღეებში ბავშვები გაერთობიან,” – ამბობს იგორ სუპრუნი.
“მე და ჩემმა მეგობარმა სულ ორი დღე გავატარეთ ქუთაისში. გუშინ ჩამოვედით და ხვალ მივდივართ. ვნახეთ ეკლესიები, ისინი ძალიან ლამაზი და საინტერესოა. საქართველო გერმანიაში არც ისე ცნობილია, ამიტომ ჩვენი მეგობრები გვეკითხებოდნენ, თუ სად არის ის. ყველამ იცის საქართველოს არსებობის შესახებ, მაგრამ არ იციან, სად მდებარეობს ის და არ იციან მისი ქალაქების შესახებ. მომსახურების ხარისხი ძალიან კარგია, ფასები იაფია ჩვენთვის და ყველა ძალიან მეგობრულია. თავს ვგრძნობთ დაცულად და არ ვღელავთ ჯიბის ქურდებზე. ყველაფერი ძალიან კარგია,” – ამბობს კონრად საჰმანი, ტურისტი გერმანიიდან.
ქუთაისი, როგორც რეგიონული ჰაბი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, იმისთვის, რომ ქუთაისი რეგიონული ჰაბი გახდეს, ხელისუფლება არაერთი მიმართულებით მუშაობს.
“ჩვენ ვავითარებთ აეროპორტს, წელს ვაკეთებთ მეორე ტერმინალს. რკინიგზის პირდაპირი ხაზი მოგვყავს ქუთაისის აეროპორტში, ეს არის რეგიონალური ჰაბის ძირითადი არსი. ჩვენთვის მთვარია, რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ფრენა გვქონდეს. ჩვენი მიზანი არის ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი კომპანიის, “Ryanair”-ის ქუთაისში შემოყვანა. ეს მარტივი მიზანი არ არის და ამ მიმართულებით ვმუშაობთ,” – აღნიშნავს გახარია.
გიორგი კანდელაკის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას “Ryanair”-თან სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა, რომ 2013 წლიდან ევროპის 4 მიმართულებით ფრენებს დაიწყებდა:
“აეროპორტის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილების მთავარი იდეა იყო “Ryanair”-ის შემოყვანა. ეს კომპანია ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა და მხოლოდ ევროკავშირის შიგნით დაფრინავს. 2013 წლიდან უნდა დაეწყო ფრენა. მოლაპარაკებები უნდა მიიყვანონ ამ კომპანიასთან ბოლომდე და საქართველოში უნდა შემოვიდნენ. “ქართულ ოცნებას” დღეს კი მოსწონს აეროპორტი, მაგრამ 2013 წლის განმავლობაში ეს პროექტი დაცინვის ობიექტი იყო, როგორც არამიზნობრივი ხარჯი და სისულელე.
გარდა ამისა, ხელმისაწვდომობა არის მნიშვნელოვანი. რკინიგზის სადგურის დაგვიანებით, მაგრამ დაწყება კარგია. ამის გარდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავტობანის რიკოთის მონაკვეთის გაკეთების საკითხს, რომელიც წელს უნდა დამთავრდეს, მაგრამ ჯერ პროექტიც არ არსებობს,”- აცხადებს გიორგი კანდელაკი.