ნიკოლოზ მახარაშვილი, გიორგი ბარათაშვილი, თიკა რუხაძე, ნათია აბრამია, მეგი თავდუმაძე, ეს ის ხუთი კანდიდატია, რომელთაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის შესარჩევი პირველი ტური გადალახეს.
143 კანდიდატიდან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ვაკანტურ პოზიციაზე CV-ის შეტანის, 12- კაციანმა ბორდმა, თავმჯდომარესთან ერთად, 5 გადაარჩია.
კანდიდატებზე ხმები ასე გადანაწილდა: ნიკოლოზ მახარაშვილი–7 ხმა, გიორგი ბარათაშვილი, რომელიც “საზმაუს” გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს –10 ხმა, თიკა რუხაძე–7 ხმა, ნათია აბრამია –8 ხმა, მეგი თავდუმაძე – 7 ხმა.
კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებით აარჩიეს 143 კანდიდატად მოცემული ხუთი, გახელაძე გვპასუხობს: “ხუთი ადამიანი ცნობილია, მათი CV-ები დევს, შევადაროთ ეს CV-ები ერთმანეთს და დავინახავთ, რა კრიტერიუმებით ავარჩიეთ. ეს კრიტერიუმი საკონკურსო განცხადებაში წერია, მსხვილი მედია, ან ზოგადად მსხვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გამოცდილება, მენეჯერის გამოცდილება, ფინანსებთან ურთიერთობა. ლაპარაკია 1000 -კაციანი ორგანიზაციის საწარმოს მართვაზე, საწარმოა ტელევიზია თავისი არსით. იმიტომ, რომ, ძალიან დიდია საწარმოო პროცესის ნაწილი. აი, ეს კრიტერიუმებია, ძალიან მარტივი”,-აცხადებს გახელაძე.
გასაუბრება დღეს საღამოს 6 საათზე დაიწყება და ორი დღის მანძილზე გაგრძელდება.