ახალი ამბები

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა

31 მარტი, 2017 • 2221
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქცია ზვიად გამსახურდიას შვილების ორგანიზებით მოეწყო და მასში მოქალაქეები და არასაპარლამენტო პარტიები მონაწილეობდნენ.  ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, პროკურატურა არაფერს აკეთებს საქმის გამოძიებისთვის:

“პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ პროკურატურას მასალები ორი წლის წინ გადაუგზავნა. ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. სუსი და პროკურატურა ფაქტობრივად ამ საქმეს კლავენ,” – ამბობს გამსახურდია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გურამ მაქაცარიას თქმით, პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოუძიებლობა არ შეიძლება:

“ზვიად გამსახურდია არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ბოროტების იმპერია თავისი ძალისხმევით დაამარცხა. პრეზიდენტის მკვლელობის ასეთი მიჩუმათება არ შეიძლება.”

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე იმუშავა დროებითმა სპეციალურმა კომისიამ. გამსახურდიას ოჯახმა 2014 წელს მიმართა საქართველოს მთავრობას საქმის გამოძიების დასრულების თხოვნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი