“ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, არის დროებითი მოვლენა და მოვლენა, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის მთავარ ნორმებს, ჩვენ ბოლო 9 წლის განმავლობაში ცარიელ ადგილზე ქართული სახელმწიფოებრიობა შევქმენით. მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც კანონის უზენაესობას ეფუძნება და არა – ბრბოს თვითნებობას და ბრბოს კარნახს. რადგან კანონის უზენაესობა არის ხალხის სამსახური, ერის სამსახური, ბრბო ემსახურება ცალკე აღებული დროებითი პიროვნებების, დროებითი თანამდებობის პირების ინტერესებს, ამიტომ ვერანაირი 100 კაცი, 200 კაცი, 20 კაცი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. სახელმწიფო ინსტიტუტები ეფუძნება იმას, რომ ეს არის გრძელვადიანი, 2012 წელს არის არჩეული და იქნება 2014 წლამდე. 2012 წელი გავა, 2013 წელს გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები, 2014 წელს გვაქვს ადგილობრივი არჩევნები. მანამდე არავის აქვს უფლება შეეხოს სახელმწიფო ინსტიტუტებს. მე ვიცი, რომ აქ ხალხი დააპატიმრეს, ათასგვარი მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებებით და უნდა რცხვენოდეს მათ ავტორებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე უარი უნდა ვთქვათ.
იმ ხალხმა, ვინც ჩქარობს, ძალიან კარგად იცის, ჩემო მეგობრებო, ერთი რამ, რომ 2014 წელში მათ შანსი არ ექნებათ, მეტსაც გეტყვით, 2013 წლის ბოლოსაც არ აქვთ შანსი. ამიტომ არ მოწონთ თუნდაც ის, რომ პრეზიდენტი, ჯერ კიდევ თანამდებობაზე ვარ. მაგრამ მე თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ საქართველომ განვითარება არ გააჩეროს,” –განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, რიტორიკით, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანომ ქუთაისი უნდა დატოვოს, ბევრი პროექტი შეუსრულებელი დატოვა.
“დღევანდელი რიტორიკით პარლამენტი, მათი აზრით, არ უნდა დარჩეს აქ პრაქტიკულად ბევრი პროექტი, რომელიც პარლამენტის ფუნქციონირების შენარჩუნებას უკავშირდება, დარჩა შეუსრულებელი. შეუსრულებელი დარჩა პროექტი, რომელიც ეხებოდა წყალტუბოს, 2 ოქტომბერს გაჩერდა სამუშაოები წყალტუბოში ძირითადად. 21- სართულიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო პარლამენტის წინ და გაჩერდა, გაჩერდა კომერციული განვითარება ამ რიტორიკის გამო. პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში, საქართველო უნდა იყოს დეცენტრალიზებული, ეს არის კარგი თბილისისთვის, ქუთაისისთვის და საქართველოს ერთიანობისთვის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის სტუმრობა ქუთაისში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.