“რა აქვს მხედველობაში ამ კაცს? არ კითხულობს და არ ეძებს, გაღიზიანდა იმით, რომ დაჩებს, რასაც იშენებდნენ ხელისუფლება და სად არის ეს. დამანგრეველებს და კიდევ გვეძახდა “კომუნისტური” წყობა მოდისო. ნახეთ თქვენ, ჟურნალისტებმა გადაამოწმეთ, რომელ ნორმალურ ქვეყანაშია სამთავრობო დაჩები, რომლის მშენებლობა ბოლომდე ვერ შევაჩერეთ და ახლაც გრძელდება, არც ერთი ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა იმას არ აკეთებს, რასაც ეს კაცი აკეთებდა, არსად არ შენდება მთავრობის დაჩები, მით უფრო, უსახლკაროები არიან და ბავშვები ყინვაში იყინებიან, მთავრობის მეთაურებს არ აქვს შვიდი რეზიდენცია არსად, მდიდარ ქვეყნებშიც კი, არ აქვთ 2 თვითმფრინავი, რამდენიმე ვერტალიოტი, 80 მილიონი ვერტალიოტებშია გადახდილი, ეს კაცი რაზე საუბრობს? გასაგებია, რატომ საუბრობს, ახლა ცდილობენ, რასაც ცუდად აკეთებდნენ, ეს ყველაფერი ჩვენ მოგვაწერონ, მაგრამ მე ავუხსენი მათ რამდენჯერმე და ახლაც შემიძლია გავიმეორო, ჩვენ დიდი კულტურის მქონე ხალხი ვართ და საკმაოდ განვითარებული, საკმაოდ–ს იმიტომ ვამბობ, რომ, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიები არ გვაქვს და ეკონომიკა გვაქვს ასეთ დღეში, საზოგადოებას ეს გარკვეულწილად უკან წევს, მაგრამ იმის გონიერება ქართველ ხალხს შერჩა, რომ თეთრი და შავი გაარჩიოს.
ეს კაცი აგრძელებს საუბარს, ვის ესაუბრება? მაღლა მაინც იყურებოდეს, იქნებ ვინმემ მოუსმინოს. გასაგებია, როგორია რეალობა, რამდენიც არ უნდა ისაუბროს, არაფერი არ შეიცვლება. მან პასუხი აგოს იმაზე, 7 რეზიდენცია რატომ აქვს, დამატებით რატომ გადაიხადა 80 მილიონი ვერტალიოტებში, ჯარი რომ დატვირთეს ვერტალიოტებით, თვითმფრინავებით და ასე შემდგომ, ამაზე ისაუბროს, დაჩები რატომ შენდება, ჩვენზე მოიყვანონ მაგალითები და ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ კრიტიკას, თუკი რამე გვეშლება, შეუშლელი არავინაა”.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, 19 დეკემბერს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველომ მთელი მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი შენობების ნგრევით თავი არ უნდა მოიჭრას:
“თქვენ იცით, რომ გუშინ კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მასშტაბური ნგრევის პროგრამის შესახებ, თანამედროვე ეპოქაში ერთადერთი პოლიტიკური ნიშნით ნგრევა არსებობს ავღანეთში, თალიბანების მიერ განხორციელებული, მე არა მგონია, რომ 21–ე საუკუნეში საქართველომ თავი უნდა მოიჭრას მთელი მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი თანამედროვე შენობების ნგრევით. მით უმეტეს, როცა საუბარია იმაზე, რომ ბევრია გასაკეთებელი. მშენებლობა ასაქმებს ხალხს, უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო წლებში, უამრავ ოჯახს გაემართა ხელი. მრავალი ეპოქა გვქონდა ნგრევის და მხოლოდ პატარა პერიოდები საქართველოს ისტორიაში შენების. ბოლო 8 წელიწადი იყო შენების ეპოქა. ახლა ჩვენ ჯინაზე, რომ რახან ჩვენ ვაშენებდით, ყველაფერი დაანგრიო, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იქნება. ამას გრძელვადიანი კატასტროფული შედეგები ექნება საქართველოს ხალხისთვის, ჩვენმა ხალხმა ხმა მისცა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა ნგრევას”,– განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა რიყეზე მუსიკისა და დრამის მშენებარე თეატრის შესაძლო დემონტაჟზე.