ჟურნალისტთა 21 -კაციანი დელეგაცია, რომლებიც წამყვან ბეჭდურ გამოცემებსა და ტელეკომპანიებს წარმოადგენენ, ორი დღის განმავლობაში, 17 და 18 დეკემბერს, მთავრობის წევრებს ხვდებოდნენ.

შს მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, “ბერლინე ცაიტუნგის,” „ინდეპენდენტის,” „ტელეგრაფის,” „ტემპსის,” „ფრანს 24,” „ფიგაროსა” და სხვა გამოცემების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.
“დავარწმუნე ისინი, რომ საქართველოში მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. არ იქნება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა. ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკაზე და სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაზე,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვლმა ჟურნალისტებთან დახურული შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ უცხოურ მედიასაშუალებებთან შეხვედრის მიზეზი გარკვეულწილად ის კრიტიკული სტატიების სერია გახდა, რომელიც სხვადასხვა უცხოურ მედიაგამოცემაში საქართველოს ახალ მთავრობაზე დაიწერა.
“ჩვენ ვფიქრობდით, რომ დასავლური აუდიტორიის მეტი ინფორმირება იყო საჭირო იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში სამართლებრივი დევნისა და ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს. ამ მხრივ იყო პრობლემები, ვერ ხერხდებოდა მათთვის დროულად ინფორმაციის მიწოდება,”- აცხადებს, ვალერიან გორგილაძე, ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მისივე განმარტებით, ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტის ხარჯები მთავრობას არ გაუღია.
“მთავარობა არ ხარჯავს ამაში. ეს არის პრინციპული სხვაობა ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალებისა და ლობისტების ფინანსირებას ახდენდა. ინფორმაციის მიწოდება სხვაგვარადაც შეიძლება.”
მისივე თქმით, უცხოელი ჟურნალისტების ჩამოყვანა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით მოხერხდა.
როგორც გორგილაძე ამბობს, ასეთი ტიპის შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
გორგილაძის განმარტებით, აღნიშნული დეპარტამენტი სტრატეგიის შემუშავებასა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაზე ჯერ კიდევ მუშაობს.
“დეპარტამენტის მთავარი ფუნქცია იქნება სამოქალაქო სექტორის დროული ინფორმირება მიმდინარე პროცესების შესახებ, მთავრობის სამომავლო გეგმების გაცნობა, რომლის უზრუნველყოფაც მრგვალი მაგიდების, კონფერენციებისა და მედიის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.”
