ახალი ამბები

ჯანელიძე: ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი

27 მარტი, 2017 • 1577
ჯანელიძე: ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქვეყნის ამბიციაა, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს და ამ მიზნის მისაღწევად 6-პუნქტიანი გეგმა არსებობს.

“ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით – დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს  ევროკავშირს. ეს შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ხედვისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებით. ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა და მზად ვართ, ძალისხმევა არ დავიშუროთ მის განსახორციელებლად”,- აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

გეგმა ეფუძნება 6 ძირითად მიმართულებას:

[checklist]

  • ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების წარმატებით განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობის და ინსტიტუციური პრაქტიკის მაქსიმალურ მიახლოებას ევროპულთან;
  • ევროკავშირის სპეცილიზირებულ სააგენტოებთან, რომელთა წევრობაც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მაქსიმალური ინტეგრაცია. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენმა სააგენტოებმა მიიღონ მაქსიმალური ტექნიკური დახმარება და ცოდნა ევროპელი კოლეგებისგან, გაძლიერდნენ ინსტიტუციურად და ამასთანავე, მიაღწიონ მაქსიმალურ თავსებადობას ადრეულ ეტაპზე;
  • ევროკავშირის მოქმედ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა, საქართველოს მოქალაქეებისა და პოტენციური ბენეფიციარების მაქსიმალური ინფორმირება, მათში მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოება და ახალი სასარგებლო პროგრამების მოძიება და მათში მონაწილეობა. აღნიშნული დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ მეტი პრაქტიკული სარგებელი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისგან, მოხდეს მეტი ინტეგრაცია ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და ევროპულ ფონდებთან წვდომით;
  • ევროკავშირის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების სტადიიდან თანამშრომლობის სტადიაზე გადასვლა, რაც გულისხმობს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან საქართველოს სტრუქტურების რეგულარულ დიალოგს სექტორალური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საკითხებზე. ეს აამაღლებს ჩვენს ცნობადობას ევროპული სექტორალური პოლიტიკის წარმოების შესახებ და გააჩენს ახალ შესაძლებლობებს საქართველოს სექტორების განსავითარებლად ევროპული პოლიტიკის შესაბამისად, ასევე, მათი რესურსების ეფექტური გამოყენებით;
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაღრმავებული დიალოგი, რაც მოგვცემს საშუალებას, უკეთ იქნას შეფასებული ჩვენი როლი საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში და გვქონდეს მაქსიმალური კოორდინაცია ევროპულ უსაფრთხოებისა და თავდაცვით სტრუქტურებთან ჩვენი და რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ასევე, ჩვენი სისტემები იყოს მაქსიმალურად თავსებადი. საქართველო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში, 2014 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის მისიებში.  საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2016 წელს ევროკავშირმა საქართველო პირველად მოიხსენია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში. დოკუმენტში საქართველო განსაზღვრულია რეგიონულ ლიდერად და აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმატება მშვიდობიანი და სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონტექსტში, სტიმულს აძლევს  პოზიტიური ცვლილებების პროცესს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში;
  • პოლიტიკურ, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ინტეგრაციასთან ერთად, მოხდეს ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზართან, რაც გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინტეგრაციას, რასაც მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ექნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

[/checklist]

საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გაკეთებული არ აქვს, თუმცა ქვეყნას ამის შესაძლებლობა გააჩნია. ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების პატივისცემის პირობებში, საქართველოს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისათვის. მიხეილ ჯანელიძემ 2016 წლის ბოლოს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მაშინ გააკეთებს, როცა ქვეყანა ამისთვის მზად იქნება და შესაბამისი პოლიტიკური კონტექსტიც იარსებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი