ახალი ამბები

სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხზე ენმ განათლების სამინისტროს მიმართავს

27 მარტი, 2017 •
სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხზე ენმ განათლების სამინისტროს მიმართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განათლების და მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელმა მარიამ გერსამიამ 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდა, დროულად იზრუნოს სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო დაგროვილი პრობლემების აღმოფხვრისთვის.

მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ  უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა შეჩერდეს. გერსამიამ გამომცემლებისა და ავტორების უფლებების დარღვევის შესახებაც ისაუბრა: 

“სამწუხაროდ, ბოლო წლებში გატარებულმა განათლების არასწორმა პოლიტიკამ, კერძოდ იმ  ფაქტმა, რომ სამინისტრო უხეშად არღვევს გამომცემლების და ავტორების ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, დაასუსტა გამომცემლობები (სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული), დააზარალა კონკურენტული გარემო. სწორედ საავტორო უფლებების დარღვევამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე გამომცემლობა უკვე გაკოტრების პირასაა, სათანადო ტემპებით არ მიმდინარეობს მთარგმნელობითი საქმიანობა და აღარ იქმნება ახალი სახელმძღვანელოები”,- განაცხადა გერსამიამ. 

“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მოუწოდებს: 

[checklist]

  • იზრუნოს ახალი სახელმძღვანელოების შეძენაზე, მათ უსასყიდლოს გადაცემაზე, და, რაც მთავარია, მათი ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ავტორებთან და გამომცემლობებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით
  • ავტორთა შრომის შესაბამისი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში დროულად გამოიყოს შესაბამისი თანხა.
  • საყურადღებოა, რომ ბავშვის განვითარებისთვის   რეალურ საფრთხეს წარმოადგენს წიგნების მძიმე წონა. ეს განსაკუთრებით ეხება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. მოვუწოდებთ სამინისტროს, სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის შეძენის პარალელურად გამოყოს შესაბამისი სახსრები იმისთვის, რომ I-VI კლასებში წიგნების ნაწილი შეიძინოს სკოლებისთვისაც. ამგვარად, მძიმე წიგნების ტარება მოსწავლეს აღარ მოუხდება ყოველდღე და მოცულობით დიდი სახელმძღვანელო მას ექნება სახლშიც და სკოლაშიც.
  • სახელმწიფომ უნდა წაახალისოს კონკურენცია და ქველმოქმედება, რათა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა, გამომცემლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გაერთიანებებმა შეძლონ, დახმარება გაუწიონ სკოლებს და სურვილის შემთხვევაში თავად შეიძინონ სახელმძღვანელოები (საჯარო სკოლებში დღეს ეს ვერ ხერხდება).

[/checklist]

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა განათლების სამინისტროს, პასუხების მიღებისთანავე სამინისტროს პოზიციას გამოვაქვეყნებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი