ევროკავშირში უვიზოდ პირველად პრემიერი სტუდენტებთან ერთად ჩავა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის ცნობით, ხვალ, 28 მარტს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით წარჩინებულ სტუდენტებთან ერთად ისარგებლებს.

პრემიერ-მინისტრი ჯერ ათენში, ხოლო შემდეგ ბრიუსელში გაემგზავრება:

“ჩვენ პრემიერ-მინისტრთან ერთად ვაპირებთ, რომ წარმატებულ სტუდენტებთან ერთად გავემგზავროთ ათენში, ევროპის კულტურის ცენტრში. შემდეგ გვინდა უკვე გავემგზავროთ ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში და მათთან ერთად იგივე საზეიმო განწყობა ჩვენს ევროპელ კოლეგებს შევუქმნათ”, – ამბობს ვიქტორ დოლიძე.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას 2 თებერვალს მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 539/2001 რეგულაციის ცვლილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს ევროკავშირის ქვეყნებში კონკრეტულად კი შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ. მოგზაურობისას შეგეძლებათ შენგენის ზონაში 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეთ.

რა საბუთები დაგჭირდებათ უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის, რომელ ქვეყნებშ შეგიძლიათ მოგზაურობა და დამატებითი დეტალების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com