ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, დაკავებულია მძღოლი, რომლის მონაწილეობით ავარიამ მცირეწლოვანი იმსხვერპლა

25 მარტი, 2017 • 1469
შსს-ს ცნობით, დაკავებულია მძღოლი, რომლის მონაწილეობით ავარიამ მცირეწლოვანი იმსხვერპლა

შსს-ს ცნობით, 22 მარტს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ბრალდებულის სახით დააკავეს.

შსს აღნიშნავს, რომ მძღოლი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

“BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც თ.ტ. მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა, რა დროსაც ის შეეჯახა მის წინ, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ BMW-ს მარკის ავტომანქანას. შეჯახების შედეგად, აღნიშნული ავტომანქანის მძღოლმა, გ.მ.-მ ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ, ტროტუარზე, სადაც 2 ქვეითს – 1972 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს და 2008 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი მ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.ო. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება,”- აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი