საახალწლო ბაზრობის დათვალიერების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზეც გააკეთა. მისი თქმით, 2013 წელი საქართველოსთვის ისტორიული შანსის წელიწადია, რადგან ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში პირველად გაუჩნდა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.
სააკაშვილის გაანცხადებით, საქართველოს შეუძლია, უახლოეს წელიწადნახევარში მოლაპარაკება უვიზო მიმოსვლაზე დაასრულოს:
“ ასევე, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა, ჩვენი პროდუქცია ევროპაში უნდა გამოვიტანოთ და ერთი და იგივეე ბაზარს არ უნდა მივტიროდეთ, საიდანაც ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ გამოგვყარონ. ჩვენ გვაქვს ისეთი პროდუქცია, რომლის ევროპაში გამოტანაც შეიძლება. მომავალ წელს ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ასოცირების ხელშეკრულება. აი, ეს არის–2013 წელი საქართველოსთვის ისტორიული შანსის წელიწადია”.
პრეზიდენტის თქმით, არჩევნების ჩატარების წესმა კიდევ უფრო გააძლიერა ეს შანსი.
“ საქართველო 8 წლის წინ საერთოდ არავინ იცოდა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ღვთისგან მიტოვებული ქვეყანა ვიყავით ამათ თვალში და მაშინ საქართველოში 120 000 სტუმარი ჩამოდიოდა, წელს საქართველოში ჩამოვა 4 000 000-ზე მეტი სტუმარი და ეს არის ძალიან ბევრი დახარჯული ფული საქართველოს ეკონომიკისთვის, მარტო ამ ბაზრობაზე მოვა 500–600 ათასი ევროპელი და გაიგებს, დამატებით რა არის საქართველო, ამისთვის მინდოდა ეს ბაზრობა, რაც მოესწრო მოესწრო. ალბათ მთავრობის ცვლა რომ არ ყოფილიო, კიდევ უფრო უკეთესად გავაკეთებდით, მაგრამ კარგია, რომ ეს მოესწრო და ყველას მადლობა მინდა ვუთხრა.”
მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ შეხვედრისას სტარსბურგის მერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სტრასბურგში წინასაახალწლოდ მიმდინარე საქართველოს დღეების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ფრანგი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართულ კულტურას და, შესაბამისად, საკმაოდ დიდია ინტერესი ყველა იმ კულტურული ღონისძიებების მიმართ, რომლებსაც ამ დღეებში სტრასბურგი მასპინძლობს.
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
