ახალი ამბები

ყარამანიშვილებისთვის გვარამიას ინიციატივა შპს “რუსთავი 2-ის გუნდის” შექმნის შესახებ მიუღებელია

25 მარტი, 2017 • 3616
ყარამანიშვილებისთვის გვარამიას ინიციატივა შპს “რუსთავი 2-ის გუნდის” შექმნის შესახებ მიუღებელია

ლევან ყარამანიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს განცხადებას, სადაც აცხადებს, რომ არ ეთანხმებიან ნიკა გვარამიას ინიციატივას იმის შესახებ, რომ ყარამანიშვილების საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის მფლობელი გახდეს შპს “რუსთავი 2-ის გუნდი”, რომელიც 27 მარტს უნდა დაარსებულიყო.

დღეს, 25 მარტს, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია საქართველოს საკონტროლო პაკეტის 51%-ის სამართავად 27 მარტს დაარსებდნენ შპს “რუსთავი 2-ის გუნდს”. თუ ვინ შევიდოდა ამ გუნდში – უნდა გადაწყვეტილიყო დღეს, 19:00 საათზე, რუსთავი 2-ის თანამშრომლების კრების შემდეგ.

ტელეკომპანია საქართველო, რომელსაც ძმები ყარამანიშვილები ფლობენ, რუსთავი 2-ის 51%-ს ფლობს. ყარამანიშვილებმა 24 მარტს გამოხატეს მზადყოფნა, ტვ საქართველოს 51% რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვის გადაეცათ. შპს-ის შექმნის შესახებ ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ კი გამოაქვეყნეს პოზიცია იმის შესახებ, რომ მათთვის ეს მოდელი მიუღებელია:

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი თავდაპირველი ინიციატივა ითვალისწინებდა რუსთავი 2-ის წილების გადაცემას ტელეკომპანიის მთელი კოლექტივისთვის. საპასუხოდ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დაგვდო ბრალი, რომ ჩვენი შეთავაზება იყო ფიქცია და წამოგვიყენა ერთგვარი ულტიმატუმი.

უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებლად, ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, კოლექტივისთვის გადაგვეცა ტელეკომპანია საქართველოს 51%, ხოლო წილების გადაცემის დეტალები შეთანხმებულიყო ყველა თანამშრომლის მონაწილეობით, ღიაობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.

დღეს ნიკა გვარამიას მიერ წამოყენებულ იქნა ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას გაურკვევლი შუამავალი შპს, რომელიც კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება მოლაპარაკებებში. ითქვა, რომ ამ შპს-ში შეიძლება იყოს 20-30 ან 50 დამფუძნებელი (ანუ ტელეკომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლების მაქსიმუმ 5%). დაიწყო უცნაური მინიშნებები, რომ შესაძლოა რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ „მეორე მხარეს“. გუნდის მხარეებად დაყოფა იმ უპრეცედენტო გარე წნეხის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, არაგონივრული და დამაზიანებელია.

გვინდა ყველას კარგად ესმოდეს – ამგვარი სქემა არის უმოკლესი გზა იმისკენ, რომ რუსთავი 2-ის აწმყოსა და მომავლის შესახებ გადაწვეტილება მიიღოს არა სრულმა კოლექტივმა, არამედ პირთა მცირე ჯგუფმა, რაც არასდროს ყოფილა ჩვენი ინიციატივის მიზანი და რაც ეწინააღმდეგება როგორც ტელეკომპანიის, ასევე მისი თანამშრომლების დიდი უმრავლესობის ინტერესებს.

დაბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სწორი ფინანსური მენეჯმენტის და ხარჯების მკაცრი კონტროლის პირობებში, სრულიად რეალისტურია კომპანიის გაყვანა მოგებაზე და დივიდენდების დარიგება. ამიტომ, მიუღებელია გენერალური დირექტორის მიერ დღეს გაჟღერებული მინიშნება, რომ ტელეკომპანიაში დივიდენდი არასდროს იქნება,”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი