ახალი ამბები

მარინ ლე პენი მოსკოვში ვიზიტისას პუტინს შეხვდა

24 მარტი, 2017 • 2113
მარინ ლე პენი მოსკოვში ვიზიტისას პუტინს შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარდიანი ავრცელებს.

როგორც, პუტინმა ლე პენს უთხრა, რუსეთი არასდროს ყოფილა დაინტერესებული, ჩაერულიყო ფრანგულ არჩევნებში:

“ჩვენ არ გვინდა, რაიმე გზით გავლენა მოვახდინოთ მოვლენებზე, თუმცა რუსეთი იტოვებს უფლებას, შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, როგორც ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგები აკეთებენ,” – თქვა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც ლეპენმა განაცხადა, მოსკოვში რუსეთის პარლამენტის წევრებთან შესახვედრად მიიწვიეს და პუტინთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა. თუმცა პარლამენტში შეხვედრის შემდეგ რუსულ ტელეარხებზე პუტინთან ერთად გამოჩნდა:

“ცხადია, საინტერესო იქნებოდა ჩვენი მოსაზრებების გაზიარება, როგორ ვითარდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. ასევე, მიმოვიხილოთ ევროპაში მიმდინარე მოვლენები. მე ვიცი, რომ  თქვენ სწრაფად მზარდ ევროპულ ძალას წარმოადგენთ” – უთხრა პუტინმა ლე პენს.

ფოტო: EPA 24.03.17

ფოტო: EPA 24.03.17

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა კი განაცხადა, რომ მომხრეა, ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთის უშიშროების სამსახურებს ანტიტერორისტული მოქმედებების შესახებ ინფორმაცია გაუზიაროს და  შესაძლო საფრთხის აღკვეთაში დაეხმაროს:

“იცით, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთში. ვფიქრობ, სასარგებლო იქნება, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ქვეყნების დაზვერვის სამსახურების ხელთ აერსებული ინფორმაცია” – თქვა ლე პენმა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი პრო-რუსული რიტორიკის მქონე კანდიდატია. თებერვალში მან საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და პუტინისადმი აღფრთოვანება გამოხატა. ასევე, რუსმა ჰაკერებმა კოლექტიურად გაასაჯაროეს მარინ ლე პენის პირადი მიმოწერა, სადაც ჩანს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი პრორუსული რიტორიკის საჯაროდ გახმიანების სანაცვლოდ 2014 წელს რუსეთისგან ფინანსურ მხარდაჭერას იღებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი