NGO-ების ნაწილი სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას არასერიოზულად მიიჩნევს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მიერ NGO-ების თემაზე გაკეთებულ განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევს და კომენტირებისაგან თავს იკავებენ. დაახლოებით მსგავსი შინაარსის პასუხი ნეტგაზეთმა საიასგან, სამართლიანი არჩევნებისაგან და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოსაგან მიიღო, თუმცა ამ უკანასკნელის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა მცირე კომენტარი მაინც გააკეთა.

“ჩვენ, ვინც უკეთეს სასამართლოს და გამჭვირვალე პროკურატურას ან თავისუფალ მედიას ვითხოვდით,  რუსეთიდან ვფინანსდებოდით, და საქართველოს პრეზიდენტი, ვინც მედიათავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა შეზღუდა და ვის დროსაც ციხეში წამება სისტემური პრობლემა იყო, ის არ მოქმედებდა რუსეთის ინეტერესების სასარგებლოდ… ცხადია, არ ვაბრალებ, რომ ის რუსეთის დასმული იყო საქართველოში, მაგრამ კრიტიკულ NGO-ების დაფინანსებაზე კითხვებს დღეს ზუსტადაც პრორუსული ჯგუფები სვამენ და მე მის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, შემთხვევით მათ წისქვილზე რომ არ დამესხა წყალი. ასევე სასაცილოა, რომ ამ ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს სხვადასხვა რამე რომ აწუხებს: ზოგს ის აწუხებს, სად იყო (საერთაშორისო) გამჭვირვალობა აქამდე და ზოგს ის, სად ვართ ახლა. ჩვენ ჩვენს ადგილზე ვართ ყოველთვის – ერთ პრინციპულ პოზიციაზე”, – განუცხადა ეკა გიგაურმა ნეტგაზეთს.

საქართველოს III პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არასამთავრობოების თაობაზე ფეისბუკზე გამოქვეყნებული კომენტარი ჩააასწორა (Edit). გუშინ, დაახლოებით 19 საათის წინ სააკაშვილმა ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

“მთელი მსოფლიო პრესა აჭრელდა ინფორმაციით, რომ 2005 წელს პუტინმა იქირავა ცნობილი ამერიკელი PR სპეციალისტი პოლ მანაფორტი და მას, სხვა საქმეებთან ერთად, დაავალა ჩემს წინააღმდეგ მუშაობა საქართველოში, რისთვისაც ეს უკანასკნელი, თურმე, ქართულ არასამთავრობოებს იყენებდა. ახლა კი გასაგებია, თუ რატომ გვესხმოდა თავს მაშინ ყველა არასამთავრობო და რატომ არ იღებენ ხმას დღევანდელ მარაზმზე. ფული ბაბაია, დიდი ფული (თან, ჰოი საკვირველებავ, რუსული)”, – ნათქვამია სააკაშვილის მიერ 19 საათის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

დაახლოებით 3 საათის შემდეგ სააკაშვილმა კომენტარი ჩაასწორა და ეს ტექსტი მიამატა:

“რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კორუფციაში დავადანაშაულო ყველა მაშინდელი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ბევრი თავს იწყნარებდა იმით, რომ ფული, ფორმალურად, ამერიკული კერძო წყაროდან მოდიოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს რუსეთის მიზნებს ემსახურებოდა, ამაზე ახლა მაინც არის ღია დისკუსია და სიმართლის თქმა საჭირო”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com